„ნემო ბურჭულაძე გატაცებულია“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 26 ივლისს, პოლიტიკური გაერთიანება „ლიბერალ დემოკრატების“ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ გაერთიანების თავმჯდომარის, მუხრან ბურჭულაძის მამა, ნემო ბურჭულაძე გაიტაცეს.

„მამაჩემი გატაცებულია და ეს არ უკავშირდება არანაირ ვირუსს. ის დღეს ჩაფრინდა თბილისში და მიუხედავად შეერთებული შტატების ჯანდაცვის სისტემის მიერ გაცემული ცნობისა, რომლის თანახმადაც ის არ არის ინფიცირებული, ამასთან ცხოვრობს მარტო და ეკუთვნის თვითიზოლაცია, უკანონოდ იქნა გატაცებული გაურკვეველი მიმართულებით შეშინებული, პარაზიტი რეჟიმის მიერ. მას არ მისცემია ჩემთან ან ახლობლებთან დაკავშირების შესაძლებლობა, როდესაც დამნაშავესაც კი აქვს ერთი ზარის უფლება. კომუნისტებიც კი ატყობინებდნენ ოჯახის წევრს, პატიმრის გადასახლების შესახებ. ეს არის გატაცება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაც გახლავთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქეა გატაცებული, ხოლო ქართველი ოჯახები მტკვარში ინიციალებიან მორებს დასდევენ.მალე მოგხედავთ ერთად!” – აცხადებს „ლიბერალ დემოკრატების“ დევნილი ლიდერი მუხრან ბურჭულაძე შეერთებული შტატებიდან.“

ამავე გვერდზე აღნიშნული ტექსტი (თუმცა, არა იდენტური) ინგლისურ ენაზეც გამოაქვეყნდა.

 

 

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს პირველმა არხმა გადაამოწმა მოწოდებული ინფორმაცია და დაადგინა, რომ ნემო ბურჭულაძე, საქართველოს მთავრობის N 322 დადგენილების თანახმად, საქართველოში უცხოეთიდან დაბრუნების შემთხვევაში აუცილებელ ორკვირიან კარანტინს გადის და ის ფაქტი, რომ მას აქვს რომელიმე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, არ ცვლის ამ დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის აუცილებლობას. როგორც საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს,  ნემო ბურჭულაძე კარანტინშია გადაყვანილი, თუმცა კონკრეტულად რომელ სასტუმროში, ამის გასაჯაროების უფლება არ აქვთ. რაც შეეხება ოჯახის წევრებთან კონტაქტს, ნემო ბურჭულაძეს, სურვილის შემთხვევაში, არ აქვს შეზღუდული სატელეფონო ან ინტერნეტ კავშირი ოჯახის წევრებთან.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება „ლიბერალ დემოკრატების“ მიერ გავრცელებული განცხადება, რომ „ნემო ბურჭულაძე გატაცებულია“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით