„მთელი ზაფხული გვესმოდა, რომ დამარცხებულია კოვიდი...“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 24 ნოემბერს, გავრცელდა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადება, რომელიც მან ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გახმოვანებული ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა (ამ ბრალდებების მიხედვით, ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მატება  ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს უკავშირდება).

„მთელი ზაფხული გვესმოდა, რომ დამარცხებულია კოვიდი“, – აღნიშნავს ელენე ხოშტარია, რომელიც მიიჩნევს, რომ „ეს ის თემა არ არის, სადაც ასეთ გადაბრალებაზე უნდა ვისაუბროთ“.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, საპარლამენტო უმრავლესობის და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს საინფორმაციო სივრცეში არასდროს განუცხადებიათ, რომ „კოვიდი დამარცხებულია“. პირიქით: ისინი საპირისპიროს ამტკიცებდნენ და საზოგადოებას  სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ. მათი მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ „კორონავირუსული ინფექცია არ გაქრება არც ერთ თვეში, არც ხუთ თვეში და დაახლოებით წელიწადი, წელიწადნახევარი ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად თანაცხოვრება“.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია (19-22.05.2020): „დღეს საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობა თუ არის 2, 5 ან 10 – ეს არ ნიშნავს, რომ კოვიდი დამარცხებულია. უნდა ვიმოქმედოთ ფრთხილად… არავის გეგონოთ, რომ კოვიდი დამარცხებულია და ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება გარანტირებულია, ეს ასე არ არის“.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე (13.07.2020): „კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და მობილიზაცია რომ ვითარება უსაფრთხო დარჩეს“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე (11.08.2020): „ილუზია შეიქმნა, რომ ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. არა, ბატონო – შემთხვევათა რაოდენობამ მსოფლიოში 20 მილიონს გადააჭარბა უკვე. საქართველო კი მსოფლიოს ნაწილია“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე (08.06.2020): „დამშვიდების საფუძველი არ არის ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთეული შემთხვევებია…ეს ერთეული შემთხვევები ნიშნავს იმას, რომ კორონა არსად არ გამქრალა…  საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკურ დანაკარგებზე, აქ საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე, ნაკლები ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე დავუძვრებით ამ ეპიდემიას, თუ არა მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა?“.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე (13.06.2020): „უნდა შეველიოთ განწყობას, რომ covid-19 დამარცხებულია და უკვე შეგვიძლია ვაკეთოთ ყველაფერი“.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადება, თითქოს, მთელი ზაფხული (ხელისუფლების მხრიდან)  გვესმოდა, რომ კორონავირუსი დამარცხებულია, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით