მთელ ქვეყანაში კრიმინალი თარეშობს...

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 8 ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „საჯარო პოლიტიკა“-ში გამოსვლისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ მთელ ქვეყანაში კრიმინალი თარეშობს.

„რაც არ უნდა, ჩვენ ყველას ერთად, ამ განსხვავებულებს, დაგვიპირისპიროს ამ რეჟიმმა კრიმინალი, რომელიც თარეშობს მთელ ქვეყანაში, რომელიც პირდაპირ ჩართულია ყველა საარჩევნო პროცესში, რომელიც აკონტროლებს თითქმის ყველა ბიზნესს, დარწმუნებული ვარ, ამ საერთო ინტერესებით, ჩვენი პატრიოტული და პატიოსანი ზრახვებით, ჩვენი ქვეყნის მსახურებითა და ხალხის მსახურებით, ჩვენ ყველანი ერთად ამ მტერს დავამარცხებთ“ – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

გადამოწმებული: 1tv.ge

კრიმინალისა​გან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.

გამოკვლევას მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Numbeo“ (მის კვლევებს მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებები იყენებენ, მათ შორის „ბი-ბი-სი”, „ფორბსი”, “გარდიანი” და სხვები) წელიწადში ორჯერ აწარმოებს, რომელმაც ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

მონაცემთა ბაზა, რომლის მონაცემებიც მიმდინარე თვეშია განახლებული, ადასტურებს, რომ საქართველოში დანაშაულის დონე საკმაოდ დაბალია.

დანაშაული დონის დასადგენად, მონაცემთა ბაზა იყენებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: სახლების გატეხვა და ნივთების მოპარვა, ძარცვა, ავტომობილების მოპარვა, ავტომობილების გაძარცვა, თავდასხმის საფრთხე, შეურაცხყოფის საფრთხე, ფიზიკური თავდასხმის საფრთხე, კერძო საკუთრების ქურდობა ან ვანდალიზმი, ძალადობრივი დანაშაული, ასევე კორუფცია და ქრთამი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 2019 წელს (როგორც ამ წლის პირველ, ისე მეორე ნახევარში) მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებდა. 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგებით კი ქვეყნის პოზიცია ორი ადგილით გაუმჯობესდა.

კრიმინალისაგან თავისუფლების ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები უსწრებს.

რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, ის აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის მაჩვენებელი 2018-2019 წლებში გაზრდილია. ამ გარემოების მიზეზად დასახელებულია რამდენიმე ფაქტორი. კერძოდ:

-2018 წლის შემდგომ პერიოდში დანაშაულის აღრიცხვიანობის გაუმჯობესება, რის შედეგად, რეგისტრირდება ყველა ის შემთხვევა, რომელშიც დანაშაულის მცირედი ნიშანი მაინც იკვეთება, ან პოლიციას გააჩნია დანაშაულის ჩადენის მცირედი ეჭვი მაინც;

-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პოლიციისადმი გაზრდილი ნდობა და შესაბამისად, გაზრდილი მიმართვიანობა.

აღნიშნულის სისწორეს ადასტურებს ის გარემოება, რომ იგივე „საქსტატის“ მონაცემებით, 2018-2019 წლებში სისხლის სამართლის რეგისტრირებული დანაშაულის საგრძნობი ზრდის მიუხედავად, შენარჩუნდა მსჯავრდებულთა და პატიმართა რაოდენობის წინა წლების დაბალი მაჩვენებელი.

ცხადია, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც არის „Numbeo“, რეიტინგების დადგენის დროს, კვლევის უახლეს მეთოდოლოგიას იყენებს და ბოლო წლებში საქართველოში კრიმინალის „აფეთქებას“ რომ ჰქონდეს ადგილი, ამას აუცილებლად დააფიქსირებდა და საქართველოს მოწინავე პოზიციებზე არ დაასახელებდა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადება, რომ „მთელ ქვეყანაში კრიმინალი თარეშობს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით