„მოსკოვში კოვიდინფიცირებულთა 89,3 პროცენტს დელტა (ინდური) შტამი აქვს"

მოწოდებული ინფორმაცია

ბოლო დროს საკმაოდ სწრაფად ვრცელდება კოვიდ-19-ის დელტა შტამი, რომელსაც მსოფლიო „ინდური შტამის“ სახელითაც იცნობს. ის სწრაფად ვრცელდება და ავადმყოფობის მძიმე ფორმები ახასიათებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დელტა შტამის სწრაფი გავრცელება კოვიდპანდემიის დამარცხებას გაართულებს.

2021 წლის ივნისის დასაწყისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19-ის ვარიანტებს ბერძნული ასოების სახელები მიანიჭა. კოვიდ-19-ის სხვადასხვა ვარიანტს იმ ქვეყნების შტამებად მოიხსენიებდნენ, სადაც ის თავდაპირველად გავრცელდა. ეს დისკრიმინაციულია იმ ქვეყნების მიმართ, რომელთა სახელებითაც ესა თუ ის შტამი დამკვიდრდა. ამის თავიდან ასაცილებლად, ამიერიდან „ბრიტანულ შტამს“  „ალფა“ ეწოდება, „სამხრეთ აფრიკულ შტამს“ –  „ბეტა“, ბრაზილიაში გამოვლენილ შტამს -„გამა“, ხოლო „ინდურ შტამს“ – „დელტა“.

იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-19-ის ეს შტამი საქართველოშიც გავრცელდა, „ანტიფეიკი“ შეეცადა, მოეპოვებინა დელტა შტამის შესახებ გავრცელებული უახლესი ინფორმაცია.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

კოვიდ-19-ის დელტა (ინდური) შტამი, თავდაპირველად, 2020 წლის ბოლოს, ინდოეთში აღმოაჩინეს. 2021 წლის 14 ივნისის მონაცემებით, ის მსოფლიოს 74 ქვეყანაშია დადასტურებული, ინდოეთსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ.ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში კი ყველაზე გავრცელებულ  შტამს წარმოადგენს.

გაერთიანებულ სამეფოში დელტა შტამით ინფიცირების რაოდენობამ უკვე გადაუსწრო ალფა (ბრიტანული შტამი) ვარიანტის რაოდენობას. თუ ალფა ვარიანტი, სხვა შტამებთან შედარებით,  43-90 პროცენტით მეტად გადამდებია, დელტა – ალფაზე 60 პროცენტით სწრაფად ვრცელდება.

მედიკოსებისთვის ჯერ უცნობია, რატომ არის დელტა შტამი სხვა შტამებზე მეტად გადამდები. ყველაზე გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, დელტა შტამის პროტეინში მომხდარი მუტაცია მას ადამიანის უჯრედში შეღწევას უადვილებს. გარდა ამისა, მუტაცია ეხმარება უჯრედში შეღწევის შემდეგ, უფრო ადვილად და სწრაფად დააინფიციროს იგი, რაც, საბოლოოდ, იმუნური სისტემის სწრაფ დასუსტებას იწვევს.

საყურადღებოა გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ბავშვები და 50 წლამდე ასაკის ზრდასრულები დაინფიცირების 2.5-ჯერ მეტი რისკის ქვეშ არიან.

აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ სხვა შტამებთან შედარებით, დელტა შტამით გამოწვეული სიმპტომები უფრო მძიმეა. კერძოდ, ალფა ვარიანტთან შედარებით, დელტათი ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ორჯერ მეტია. ჩინეთში მომუშავე ექიმები იმასაც აღნიშნავენ, რომ დელტა შტამით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების მდგომარეობა ბევრად უარესია მათზე, ვისაც პანდემიის ადრეულ დღეებში მკურნალობდნენ.

დიდ ბრიტანეთში შექმნილმა კოვიდ-19-ის სიმპტომების გამოვლენის აპლიკაციის მონაცემებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დელტა ვარიატის გავრცელებსთან ერთად, კორონავირუსის სიმპტომები იცვლება.

აპლიკაციის საშუალებით გამოვლენილი ოთხი ყველაზე ხშირი სიმპტომის სია ასე გამოიყურება:

  • თავის ტკივილი
  • ყელის ტკივილი
  • სურდო
  • ტემპერატურა

ამასთან, დელტა ვარიანტით დაინფიცირებულებში ხველება და ყნოსვის დაკარგვა მეტად გაიშვიათდა.

კითხვაზე, არის თუ არა დელტა შტამი უფრო მომაკვდინებელი, მეცნიერები პასუხობენ, რომ ამის დასადგენად, ჯერჯერობით, საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 14 ივნისის პერიოდში, დელტა შტამმა გაერთიანებულ სამეფოში 42 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.მართალია, ეს ციფრი საგანგაშოდ არ გამოიყურება, მაგრამ მედიკოსები აქტიურად განაგრძობენ მონაცემებზე დაკვირვებას და ანალიზს.

საქართველოში ტურისტული სეზონი დაიწყო და ქვეყანა საერთაშორისო მოგზაურების მიღებას გეგმავს. რუსეთიდან საქართველოში ყოველწლიურად მრავალი ტურისტი ჩამოდის. ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, თუ როგორი სიტუაციაა რუსეთში კოვიდპანდემიის მხრივ.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, იმ ფონზე, რომ რუსეთში მოსახლეობის მხოლოდ 9.9 პროცენტია სრულად აცრილი, ქვეყანაში დადასტურებული კოვიდშემთხვევების რაოდენობამ კვლავ მოიმატა. რუსი ვირუსოლოგების განცხადებით, ქვეყანაში ახალი დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა სწორედ დელტა შტამზე მოდის. იგივე ვითარებაა ქვეყნის დედაქალაქშიც: მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ქალაქში კოვიდით დაავადებულთა 89.3 პროცენტი სწორედ დელტა ვარიანტს (ინდურ შტამს) უკავშირდება.

ვაქცინაცია კვლავ რჩევა დელტა შტამისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებად. კვლევებმა აჩვენა, რომ „პფაიზერის“ ვაქცინის სრული კურსი შტამისგან 79-პროცენტიან დაცვას იძლევა, ხოლო დაინფიცირების შემთხვევაში, 88-პროცენტიანი ეფექტურობა გააჩნია მძიმე სიმტომების თავიდან ასარიდებლად.

„ასტრაზენეკას“ კვლევა კი აჩვენებს, რომ მისი ორი დოზა 92 პროცენტით ეფექტურია ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე სიმპტომების პრევენციისთვის. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებულებს შორის, დელტა ვარიანტით გარდაცვალების არცერთი შეთხვევა არ დადასტურებულა.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით