მითები კოვიდ-19-ის გარშემო

მოწოდებული ინფორმაცია

ახალი კორონავირუსის გამოჩენასთან ერთად, ბევრი შეკითხვაც გაჩნდა მისი პრევენციისა და მკურნალობის შესახებ. ხშირია შემთხვევები, როდესაც უსაფუძვლო მითები და ყალბი ინფორმაცია პანიკასთან ერთად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

„ანტიფეიკი“ დაინტერესდა, პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მეტად რა სახის მითებია მის შესახებ  გავრცელებული.

გადამოწმებული: 1tv.ge

ახალი კორონავირუსის გარშემო არსებული მითების შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე იძებნება და საკმაოდ ამომწურავია – აქ თავმოყრილია შეკითხვები კოვიდ-19-ის შესახებ გავრცელებულ თითქმის ყველა დეზინფორმაციაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომელზე სწორი პასუხიც ადამიანის ჯანრთელობისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ზომების ცოდნა.

გვიცავს თუ არა სადეზინფექციო საშუალებების მიღება კოვიდ-19-სგან?  -კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება, გარდა ზედაპირების დამუშავებისა, დაუშვებელია, ისევე, როგორც დაუშვებელია ეთილის, მეთანოლის ან მათეთრებლის მიღება. ეს ნივთიერებები არ ახდენს ამ ვირუსის პრევენციას და არც მკურნალობას, ამასთან, თავის მხრივ, მათი მიღება საშიშია ჯანმრთელობისთვის. 

გადადის თუ არა კოვიდ-19 კოღოს ნაკბენით? – ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კოვიდ-19 არ გადადის  კოღოს ნაკბენით და არც ბუზებს შეუძლიათ ადამიანის ინფიცირება. ეს ინფექცია რესპირატორული გზით გადაიცემა ინფიცირებული ადამიანიდან სხვა პირზე და კოღოს ან სხვა მწერის ნაკბენი არ წარმოადგენს ვირუსის გავრცელების გზას.

მითია ისიც, რომ კოვიდ-19-ის სამკურნალოდ ანტიბიოტიკების მიღება აუცილებელია. დაუშვებელია ვირუსის პრევენციის ან მკურნალობის მიზნით, თვითნებურად, ნებისმიერი მედიკამენტის მიღება. როგორც ჯანმო განმარტავს, ანტიბიოტიკები არა ვირუსს, არამედ ბაქტერიას ებრძვის და ახალი კორონავირუსის მკურნალობისას, ის მხოლოდ თანხმლები ბაქტერიული დაავადების არსებობის შემთხვევაში გამოიყენება, ხოლო კოვიდ-19-ის სამკურნალო ერთი უნივერსალური საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს. 

აქვეა პასუხი შეკითხვაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა პირბადის ტარება და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საკმაო დისკომფორტი გამოიწვიოს, მისი ხანგრძლივად მოხმარება არ იწვევს ადამიანის C02-ით ინტოქსიკაციას.

ჯანმო-ს სასარგებლო რჩევებს შორის, მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გადაამოწმოთ ინფორმაცია იმდენად, რამდენადაც, არასწორმა ინფორმაციამაც, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. 

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით