მილიონ მოსახლეზე კოვიდ -19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში მეთვრამეტე ადგილზეა

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 21 ივნისის ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში კოვიდ-19-ით  24 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 5 119 შეადგინა.

„ანტიფეიკი“ დაინტერესდა, ამ მხრივ რა მდგომარეობაა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში და ვირუსის მეორე ტალღის დასასრულს, როგორ გამოიყურება კოვიდპანდემიის სტატისტიკა.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

worldometer  დამოუკიდებელი, ერთ-ერთი ყველაზე სანდო ვებსაიტია, რომელიც სხვადასხვა თემებზე სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მას ეყრდნობიან ისეთი გავლენიანი და ავტორიტეტული გამოცემები, როგორებიცაა Business Insider, New York Times, Financial Times და ა.შ.

worldometer – ის სტატისტიკის თანახმად, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში (14-21 ივნისი) კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა მაჩვენებლით (მილიონ მოსახლეზე) საქართველო მსოფლიოში მე-18-ე ადგილზეა – აღნიშნულ პერიოდში, საქართველოში მილიონ მოსახლეზე 29 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ სტატისტიკაში მსოფლიოში პირველ ადგილზეა პარაგვაი, სადაც მილიონ მოსახლეზე ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 109 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება რეგიონსა და მეზობელ სახელმწიფოებს, იმავე სტატისტიკის თანახმად, რუსეთში მილიონ მოსახლეზე 21 გარდაცვლილია, თურქეთში – 5, სომხეთში – 4, აზერბაიჯანში – 0,8.

გასულ კვირაში გარდაცვლილთა მაჩვენებლებით, საქართველო ევროპის ქვეყნებიდან ჩამორჩება მხოლოდ ბოსნია-ჰერცეგოვინას, სადაც მილიონ მოსახლეზე 45 ადამიანი გარდაიცვალა. პოლონეთში ეს რიცხვი შეადგენს 7 – ს, გერმანიაში – 6 – ს, საფრანგეთში – 5 – ს, ესპანეთსა და იტალიაში – 4-ს, დიდ ბრიტანეთში – 1-ს.

სხვანაირად გამოიყურება სტატისტიკა დაავადებულთა რაოდენობასთან მიმართებაში. მილიონ მოსახლეზე ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში 1 222 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ მონაცემით, მსოფლიოში 26-ე ადგილზეა. რუსეთი, 766 ინფიცირებულით, 37-ე ადგილზე. სომხეთსა და აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია: სომხეთში, კვირის განმავლობაში, 179, აზერბაიჯანში კი 32 ინფიცირებულია.

მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით არასახარბიელოდ გამოიყურება, აღსანიშნავია, რომ საერთო პროცენტული მაჩვენებლით, worldometer-ის თანახმად, სიკვდილიანობამ საქართველოში გასული კვირის განმავლობაში 9%-ით მოიკლო.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით