„მე, როგორ დეპუტატობის კანდიდატს, მაქვს უფლება, შევიდე კომისიის სხდომაზე, იმიტომ რომ აქ იხილება ჩვენი საჩივრები"

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 4 ნოემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ოქმების ხელახალი განხილვის შესახებ, რომელზე დასწრების უფლება არ მისცეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნანუკა ჟორჟოლიანს. მისი თქმით, როგორც დეპუტატობის კანდიდატს, მას კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება ჰქონდა.

„ჩემი მხარდამჭერები ვერ შემოვლენ, ეს კანონის დარღვევაა, თუმცა მე, როგორ კანდიდატს, მაქვს უფლება შევიდე, იმიტომ, რომ აქ იხილება ის საჩივრები, რომლებიც დაწერილია ჩვენი წარმომადგენლების მიერ“, – აცხადებს „მთავარი არხის“ ჟურნალისტთან საუბრისას ნანუკა ჟორჟოლიანი.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე „დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებსა და კომისიის წარმომადგენლებს, შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატების თანამშრომლებს, შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში, შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს, ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნანუკა ჟორჟოლიანს, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, 2020 წლის 4 ნოემბერს არ ჰქონდა წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება.

შესაბამისად, ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებული განცხადება, რომ მას უფლება აქვს აღნიშნულ სხდომას დაესწროს, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით