„მარეგულირებელ კომისიას უფლება ეძლევა, პირდაპირ გააჩუმოს მისთვის მიუღებელი და კრიტიკული აზრის მქონე ტელევიზია“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 6 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო გარემოს ცვლის და დიქტატურისთვის ემზადება. ამის დასტურად, „მთავარი არხი“ ასახელებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინიციატივას, რომელიც „ცენზურის დაწესებისა და ტელეკომპანიების ჩამორთმევის მცდელობად“ არის მიჩნეული.

„მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, მარეგულირებელ კომისიას, პრაქტიკულად, უსაზღვრო უფლებამოსილება ენიჭება და უფლება ეძლევა, პირდაპირ გააჩუმოს მისთვის მიუღებელი და კრიტიკული აზრის მქონე ტელევიზია, თანაც ისე, რომ ამას კანონის საფუძველი მისცეს. მაგალითად, თუ კახა ბექაურს და მარეგულირებელი კომისიის რამდენიმე წევრს არ მოეწონებათ რომელიმე არხზე (და მათ შორის, ჩვენს არხზე, რისი მაგალითებიც გვაქვს) გასული მასალა, მას შეუძლია დაგვიწესოს კონკრეტული ჯარიმები ან სანქციები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება. მიუხედავად ამისა, მარეგულირებელი კომისია არ დაელოდება გადაწყვეტილების გასაჩივრებას და შეუძლია დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება, ტელევიზიაში 2 წლის ვადით სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. ეს არის ჩრდილოეთ კორეის და რუსეთის მოდელის პირდაპირ საქართველოში გადმოტანა და მიმართულია იმისკენ, რომ წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილმა კრიტიკული მედია, უბრალოდ, გააჩუმოს“, – ნათქვამია „მთავარი არხის“ სიუჟეტში.

ტელეკომპანიის ადვოკატი თამთა მურადაშვილი ასევე აცხადებს, რომ „ახალი ცვლილებებით, როდესაც კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, მხარე გაასაჩივრებს თუ არა მას სასამართლოში – კომისიის გადაწყვეტილება ავტომატურად სავალდებულო იქნება შესასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება უკანონო იყოს“.

„ეს არის ნიშანი იმისა, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება აპირებს, რომ მედია გააჩუმოს“, – ამტკიცებს თამთა მურადაშვილი.

ანალოგიურ განცხადებას აკეთებს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

„ეს არის წარმოუდგენელი კანონი. ფაქტობრივად, როგორც მაუწყებლებს, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებს, უნიშნავენ ისეთ ზედამხედველს, რომელიც გამოყენებული იქნება პირდაპირ რეპრესიული მიზნებისთვის. შეუძლია, ნებისმიერი კომერციული სტრუქტურა, რომელიც კომუნიკაციის სფეროში არის დასაქმებული, გააჩეროს, დაუნიშნოს საკუთარი მმართველი ორი წლის განმავლობაში. განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, ჩაერიოს ფინანსურ საქმიანობაში, აქციებიც კი გაუყიდოს. ბუნებრივია, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაც შეუძლია. კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიას შეუძლია, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აღასრულოს ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება მაუწყებელთან დაკავშირებით“, – ამბობს რომან გოცირიძე.

გადამოწმებული: 1tv.ge

2020 წლის 6 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები „ცენზურის დაწესებისა და ტელეკომპანიების ჩამორთმევის მცდელობად“ არის მიჩნეული. ანალოგიური განცხადება გაკეთდა პარლამენტარ რომან გოცირიძის მხრიდანაც.

2020 წლის 1 ივლისს საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის ავტორები არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში არსებული ვაკუუმის შევსებას. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ კანონი არ ითვალისწინებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტურ მექანიზმებს.

„პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება დაკავშირებულია ადრესატის უშუალო ქმედებასთან და მხოლოდ მას შეუძლია მისი აღსრულება და ამდენად, აღსრულების ყველა სხვა საშუალება არაეფექტურია… სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება და გაჩნდეს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები, რათა კომისიას ჰქონდეს ეფექტური და საკმარისი მექანიზმები მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორების თქმით, „კანონპროექტის მიღების შედეგად, კომისიას მიენიჭება სპეციალური, დამატებითი უფლებამოსილებები, რომელთა გამოყენებითაც კომისია შეძლებს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას და უფრო ეფექტური გახდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს რეგულირება“.

რაც შეეხება თავად კანონპროექტს, მისი მიღების შემთხვევაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შევა ცვლილება და მას დაემატება 461 მუხლი – „კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური ღონისძიებები“.

საკანონმდებლო ცვლილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ანიჭებს უფლებამოსილებას, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას. კომისიის სპეციალური მმართველი დაინიშნება გარკვეული ვადით, რომელიც კომისიისვე გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, საერთო ვადა არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი. სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ დაუშვებელი იქნება ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის სახელით ნებისმიერი ქმედების განხორციელება სპეციალური მმართველის ან/და კომისიის  თანხმობის გარეშე.

სპეციალური მმართველი უფლებამოსილი იქნება: დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში; ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ა.შ…

კანონპროექტიდან ნათლად ჩანს, რომ საკანონმდებლო ცვლილება მთლიანად შეეხება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს და საერთოდ არ არის შემხებლობაში მაუწყებლობის საკითხებთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 7 ივლისს სპეციალური  განცხადება გაავრცელა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამაც, რომლის თანახამად, „ინფორმაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რამე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი“.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს და, შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასთან და ტელევიზიებთან. აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები, კანონპროექტის მიხედვით, ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკურ რესურსები, მთლიანად ელექტრონული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს. რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანმდევ დაზუსტებას. აღნიშნული განპირობებულია საქართველოს და ევროკავშირს შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტით. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან“, – ნათქვამია  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სიუჟეტში გაკეთებული განცხადებები („მარეგულირებელ კომისიას უფლება ეძლევა, პირდაპირ გააჩუმოს მისთვის მიუღებელი და კრიტიკული აზრის მქონე ტელევიზია“; „მარეგულირებელი კომისიის ინიციატივა არის ცენზურის დაწესებისა და ტელეკომპანიების ჩამორთმევის მცდელობა“ და ა.შ), ისევე როგორც პარლამენტარ რომან გოცირიძის განცახადებები („როგორც მაუწყებლებს, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებს, უნიშნავენ ისეთ ზედამხედველს, რომელიც გამოყენებული იქნება პირდაპირ რეპრესიული მიზნებისთვის“ და სხვა) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით