

მოწოდებული ინფორმაცია
რუსულ ვებ-საიტებსა (24rus.ru, bloknot.ru, tsargrad.tv და სხვა) და ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ რეგიონში (დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი) ფსევდორეფერენდუმების ჩატარების შემდეგ, სხვა რეგიონებიც აპირებენ ქვეყნის შემადგენლობიდან გასვლას. კერძოდ, საუბარია რეფერენდუმის გზით, ლვოვის ოლქის უკრაინიდან გამოყოფასა და პოლონეთთან შეერთებაზე.
„ლვოვის რეგიონში პოლონეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის გამართვისთვის ემზადებიან. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა რეფერენდუმის ბიულეტენის ფოტო. „მხარს უჭერთ თუ არა ლვოვის ოლქის უკრაინიდან გამოყოფას და პოლონეთის რესპუბლიკასთან შეერთებას?“ – ამ კითხვაზე უნდა გასცენ პასუხი რეფერენდუმის მონაწილეებმა, კითხვის შემდეგ კი მოცემულია ორი შესაძლო პასუხი: „დიახ“ და „არა“. ამავდროულად, თითოეულ ბიულეტენზე დატანილია პოლონეთის გერბი და წარწერა პოლონურ ენაზე, „სახელმწიფო საარჩევნო კომისია“, – წერს რუსული მედია.
კიდევ უფრო შორს წავიდა უზენაესი რადას ყოფილი დეპუტატი ილია კივა, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას, რუსეთში გაიქცა. მისი მტკიცებით, პოლონეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის პოლონელ კოლეგას, ანდჟეი დუდას დაუდასტურა, რომ არა მარტო ლვოვის, არამედ ტერნოპოლისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებიც „მზად არიან, ჩაატარონ რეფერენდუმი“ ამ ტერიტორიების პოლონეთთან შეერთების საკითხზე.
გადამოწმებული: 1tv.ge
უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის საზღვრების შეცვლის საკითხი მხოლოდ ეროვნული რეფერენდუმის გზით შეიძლება გადაწყდეს. უკრაინის კონსტიტუცია (III ნაწილი, მუხლი 73) მკაფიოდ განმარტავს, რომ ქვეყნის ტერიტორიის ცვლილებების საკითხი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამართული რეფერენდუმის გზით ირკვევა და არა ცალკეული რეგიონის მცხოვრებთა შორის ადგილობრივი რეფერენდუმის ჩატარებით, მითუმეტეს, თუ ის მეზობელი სახელმწიფოს მიერ არის ორგანიზებული.
ამასთან, პოლონეთი მუდამ ხაზს უსვამს, რომ პატივს სცემს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ფაქტია ისიც, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პოლონეთი უკრაინას უზარმაზარ მხარდაჭერას უწევს.
რაც შეეხება ლვოვის ოლქში გასამართი „რეფერენდუმის“ ბიულეტენს, „სტოპფეიკმა“ და „ინსაიდერმა“, პოლონურ ფაქტჩეკერებთან ერთად, დაადგინეს, რომ მისი სტრუქტურა დონბასში ჩატარებული ფსევდორეფერენდუმის დროს გამოყენებული ბიულეტენის მსგავსია – ორივე ტექსტში იდენტურია კითხვის ფორმულირება, პასუხის ვარიანტები, ბიულეტენის შევსების პროცედურის განმარტება.

ამასთან, „ლვოვის რეფერენდუმის ბიულეტენს“ არაფერი აქვს საერთო პოლონეთში 2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს გამოყენებული ბიულეტენის ფორმასა და დიზაინთან.

ასევე აღსანიშნავია, რომ „ლვოვის რეფერენდუმის“ ავტორებს არც უფიქრიათ, რომ ბიულეტენზე ტექსტი პოლონურ ენაზეც დაეწერათ და მხოლოდ უკრაინულით შემოიფარგლნენ. პოლონელმა ფაქტჩეიკერებმა ასევე შენიშნეს, რომ ბიულეტენის ბეჭედი პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ბეჭდისგან განსხვავდება და ის კოპირებულია 2020 წლის არჩევნებში (პანდემიის გამო, ფოსტით ჩატარდა) გამოყენებული კონვერტების შტამპიდან.

ასევე თვალშისაცემია განსხვავება „ლვოვის რეფერენდუმისა“ და პოლონეთის 2015 წლის რეფერენდუმის ბიულეტენების შეფუთვის პლომბებს შორის.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ლვოვის ოლქი პოლონეთს რეფერენდუმის გზით შეუერთდება“, არის სიყალბე.