„ლაშა ჟვანია ელჩობიდან გადადგა - არჩევნების შედეგების გამო დიპლომატებს პრობლემები შეექმნათ“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 2 ნოემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის”  საინფორმაციო გადაცემაში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლაშა ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. „მთავარი არხის” განცხადებით, ამ გადაწწყვეტილების მიზეზი, სავარაუდოდ, 31 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ისრაელში ხმის მიცემის დროს დაფიქსირებული შედეგია.”

„ჩვენი ინფორმაციით, ჟვანიამ ქართველ ემიგრანტებს დახურულ ჯგუფში სმს-შეტყობინება მიწერა და უთხრა, რომ მისი მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდა, რის გამოც თანამდებობას ტოვებს… საზღვარგარეთ განთავსებულ თითქმის ყველა უბანზე, მათ შორის ისრაელში, არჩევნებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა-ძალა ერთობაშია“-მ გაიმარჯვა“, – აცხადებს ტელეკომპანია „მთავარი არხი“.

გადამოწმებული: 1tv.ge

ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლაშა ჟვანია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოეხმაურა და გავრცელებულ ინფორმაციას „ჭორი“ უწოდა.

„რამდენიმე დღით გავედი შვებულებაში. ამის შესახებ შევატყობინე ვოთსაფ ჯგუფში ჩემს ახლადშეძენილ მეგობრებს. გაუგებარია, საიდან წამოვიდა ეს ტყუილის ტალღა! ვრჩები ისრაელში, ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად, ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა, რომ თავად ჟვანიასთან გადაამოწმა „მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია. პრეზიდენტის თქმით, ელჩს თანამდებობა არ დაუტოვებია და ამ ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს.

ამდენად, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით