„თელავში გაზის ტარიფი გაიზარდა“

მოწოდებული ინფორმაცია

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი სათაურით, „თელავში გაზის ტარიფი გაიზარდა“.

პოსტს თან ერთვის ვიდეორგოლი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში 6 იანვარს გასული სიუჟეტიდან, რომელშიც ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკა ვარდოშვილი „სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის ერთობლივ თაღლითობაზე“ საუბრობს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) მიერ 2022 წლის 23 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი 2023-2027 წლებისთვის უცვლელი დარჩა.

მომდევნო 5 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფები, შპს „თბილისი ენერჯის“ გარდა, ასევე უცვლელი იქნება სხვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანიების – შპს „ვარკეთილაირის“, შპს „ინტერ გაზის“, შპს „გასკო +“-ის, შპს „ეს ჯი გაზ კომპანის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაც.

„დავასრულეთ ბუნებრივი გაზის კომპანიებისთვის ტარიფების დადგენა. სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფები უცვლელი დარჩა. 3-წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5-წლიან რეგულირებად პერიოდზე. ტარიფების შენარჩუნება განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე, ასევე აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით“, – განაცხადა სემეკი-ს საჯარო სხდომაზე მისმა თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ „მთავარი არხის“ სიუჟეტში საერთოდ არაფერია ნათქვამი „თელავში გაზის ტარიფის გაზრდაზე“. ეს საკითხი, კომენტარის დროს, არც ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნიკა ვარდოშვილს უხსენებია.

ამდენად, ლეიბორისტული პარტიის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „თელავში გაზის ტარიფი გაიზარდა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით