„კოვიდპანდემიის ორი წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა გაიზარდა ისეთი ტემპით, რომელიც განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, 5-ჯერ მაღალია“

მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 7 აპრილს, რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელი მიხაილ მიშუსტინი დუმის წინაშე 2021 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშით წარსდგა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „კოვიდპანდემიის ორი წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა გაიზარდა ისეთი ტემპით, რომელიც განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, 5-ჯერ მაღალია“.

მიხაილ მიშუსტინის მტკიცებით, მის ნათქვამს ადასტურებს „უცხოური ანალიტიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩათვლით“.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

The Guardian-ის მიხედვით, 2020 წელს რუსეთის ეკონომიკა 2.7 პროცენტით შემცირდა, 2021 წელს კი 4.5 პროცენტით გაიზარდა.

2022 წლის იანვარში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია მსოფლიოს ეკონომიკის პერსპექტივის შესახებ. მასში მოცემულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 2021 წლის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი და 2022-23 წლების პროგნოზი.

სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2021 წელს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკური ზრდის საერთო მაჩვენებელმა 5 პროცენტი შეადგინა. მათ შორის: შეერთებული შტატები ეკონომიკა გაიზარდა 5.9 პროცენტით, კანადის – 4.7 პროცენტით, დიდი ბრიტანეთის – 7.2 პროცენტით, ევროზონის ქვეყნების -5.2 პროცენტით.

რაც შეეხდება რუსეთს, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე The Guardian-ის მონაცემებით, 2021 წელს მისი ეკონომიკა 4,5 პროცენტით გაიზარდა.

2020 წელს კი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკები, საერთო ჯამში 4.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო რუსეთში ეს მაჩვენებელი 2.7 პროცენტი იყო.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის მიერ „უცხოურ ანალიტიკასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდზე“ დაყრდნობით გაკეთებული განცხადება, („კოვიდპანდემიის ორი წლის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა გაიზარდა ისეთი ტემპით, რომელიც განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, 5-ჯერ მაღალია“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით