„კოვიდ-აფეთქება სახანძრო-სამაშველო სამსახურში - ქვეყანაში მეხანძრეების რესურსი ამოწურულია“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 30 ნოემბერს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „კოვიდ-აფეთქება სამაშველოში – ქვეყანაში მეხანძრეების რესურსი ამოწურულია“.

ტელეკომპანიის მტკიცებით, სახანძრო-სამაშველო სამსახურში მომხდარი კოვიდ-აფეთქების გამო,  ქვეყანაში მეხანძრეების რესურსი ამოწურულია.

„მთელი თბილისის მასშტაბით მუშაობას მხოლოდ ორი ჯგუფი განაგრძობს და არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანებიც ვირუსის მატარებლები იყვნენ“, – აცხადებს „მთავარი არხი“.

ტელეკომპანია ასევე ავრცელებს 112-ის სამსახურის ( სსიპ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112“) ინკოგნიტო თანამშრომელი-რესპონდენტის განცხადებას: „სახანძრო სამსახურის ერთ-ერთ ღამის ჯგუფს ტესტს მიზანმიმართულად არ უკეთებენ, რათა კორონავირუსის მორიგი შემთხვევა არ დაფიქსირდეს – ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამოძახებაზე გასვლის შემთხვევაში, მოსახლეობის ინფიცირებისა და ვირუსის გავრცელების რისკიც მაღალია“.

გადამოწმებული: 1tv.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს განცხადებას,  რომელშიც ხაზგასმულია, რომ „სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში ეპიდაფეთქება არ არის და კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი შეუფერხებლად მუშაობს“.

„ამ დროისთვის, სახანძრო-სამაშველო ძალებში რაიმე სახის ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი… მეხანძრე-მაშველები შეუფერხებლად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და ემსახურებიან მოქალაქეებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, „განსაკუთრებულად კონტროლდება სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან“.

„ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 ათასი მეხანძრე-მაშველიდან „კოვიდ-19“ დადასტურებული აქვს მხოლოდ 173 მეხანძრე-მაშველს. ყველა თანამშრომელს, ვისაც დადასტურებული აქვს „კოვიდ-19“, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, ხოლო ის თანამშრომელი, ვისაც დაუფიქსირდება ინფიცირებულთან კონტაქტი, გადადის თვითიზოლაციაში და 72 საათში უტარდება PCR ტესტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სათანადო რესურსი და ინფრასტრუქტურა, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბაზაზე, კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდით, თანამედროვე, მსოფლიო მასშტაბით აპრობირებული, უახლესი სისტემებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიით, PCR ლაბორატორიაში შეძლოს დღეში 1000 ლაბორატორიული კვლევის ჩატარება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „სახანძრო-სამაშველო სამსახურში მომხდარი კოვიდ-აფეთქების გამო,  ქვეყანაში მეხარძრეების რესურსი ამოწურულია“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით