„კოვიდ-19-ის ვაქცინების შემადგენლობა ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ შეიცვალა"

მოწოდებული ინფორმაცია

ინსტაგრამ-სივრცეში გამოქვეყნდა ვიდეო წარწერით: „მტკიცებულება, რომ თქვენზე, როგორც ვაქსერებზე, ექსპერიმენტებს ატარებდნენ.”

ვიდეოში გადაღებულია ბრაიან არდისი, ქიროპრაქტიკოსი ტენესიდან, რომელიც იმტკიცებს, რომ „კოვიდ-19-ის ვაქცინების შემადგენლობა ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ შეიცვალა“.

„გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია საშუალებას აძლევს მწარმოებლებს ნებისმიერ დროს შეცვალონ ვაქცინის ინგრედიენტები“, – ამბობს არდისი.

აღნიშნულ ვიდეოს 5 400-ზე მეტი მოწონება აქვს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ვიდეოში გაჟღერებული მტკიცებები USA Today-მ გადაამოწმა.

„მას შემდეგ, რაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაციას ან „პფაიზერის“ შემთხვევაში სრულ ავტორიზაციას მიიღებს, არ არსებობს შანსი, რომ შემადგენლობა შეიცვალოს“, – განაცხადა დოქტორმა პოლ ოფიტმა, FDA-ის კოვიდ-19-ის ვაქცინების მრჩეველთა საბჭოს წევრმა.

„ვაქცინის ყოველი მომდევნო სერია უნდა იყოს წინა სერიის მსგავსი“, – აღნიშნავს ოფიტი, რომლის თქმითაც, კონსისტენცია ვაქცინის დამტკიცების და წარმოების პროცესის განუყოფელი ნაწილია.

„ნებისმიერი მიზეზით ვაქცინის შემადგენლობის მცირედი მოდიფიკაციის შემთხვევაშიც კი საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია ვაქცინის ავტორიზაციის თავიდან განხილვას იწყებს. თუ კომპანია ოდესმე გადაწყვეტს, რომ რაიმე შეცვალოს, მას ახალი ლიცენზიის მოპოვება დასჭირდება,“ – განმარტავს ოფიტი.

საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის წარმომადგენელმა USA Today-ის განუცხადა, რომ „ვაქცინის ან მედიკამენტის შემადგენლობაში გაკეთებული ნებისმიერი ცვლილება საჭიროებს მწარმოებლის მხრიდან ადმინისტრაციისთვის განახლებული მონაცემების გადაგზავნას. მონაცემები უნდა ეყრდნობოდეს სათანადოდ წარმართულ კლინიკურ ცდებს და ამტკიცებდეს უსაფრთხოებას და ეფექტიანობას. მხოლოდ ამის შემდეგ დაამტკიცებს ადმინისტრაცია მოთხოვნილ ცვლილებებს“.

ამასთან ერთად, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების რეცეპტურის ან ინგრედიენტების ცვლილებას დაამტკიცებს.

უახლესი დოკუმენტები, სადაც ჩამოთვლილია „პფაიზერის“, „მოდერნას“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინების ინგრენდიენტები, FDA-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

ამრიგად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მწარმოებლებმა კოვიდ-19-ის ვაქცინების ინგრედიენტები შეცვალეს. შესაბამისად, ინსტაგრამზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ „კოვიდ-19-ის ვაქცინების შემადგენლობა ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ შეიცვალა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით