მოწოდებული ინფორმაცია

სოციალურ მედიაში ვრცელდება მითები, თითქოს COVID-19-ის ვაქცინები ერექტილურ დისფუნქციას და მამაკაცის უნაყოფობას იწვევს. COVID-19 ვაქცინაციისგან თავშეკავების ერთ-ერთი მიზეზი მამაკაცებში ნაყოფიერებაზე გავლენის შესახებ გავრცელებული ჭორებია.

Daily Expose გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეწერა, რომ „ვაქცინები ერექტილურ დისფუნქციასა და მამაკაცის უნაყოფობას იწვევს.“

სტატიაში მოყვანილია კანადელი პათომორფოლოგის, როჯერ ჰოდკინსონის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს:„ვაქცინაში გამოყენებულ სპაიკ-პროტეინს შეუძლია ჩვილები მუცლად ყოფნის დროს მოკლას, რაც საბოლოოდ ადამიანთა უნაყოფობას გამოიწვევს.“

ჰოდკინსონი ჯერ კიდევ 2020 წელს, კორონავირუსს დიდ სიყალბეს უწოდებდა.

Daily Expose-ზე გამოქვეყნებული სტატია სოციალურ ქსელ ფეისბუქში ათი ათასობით მომხმარებელმა გააზიარა.

გადამოწმებული: 1tv.ge

მაიამის უნივერსიტეტის კვლევამ კი საპირისპირო აჩვენა. SARS-CoV-2 კორონავირუსი, რომელიც COVID-19-ს იწვევს, ნამდვილად შეიცავს ერექტილურ დისფუნქციის და მამაკაცის უნაყოფობის დარღვევის რისკებს.

ამ დრომდე ძალიან ცოტა კვლევა იყო ჩატარებული იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე ვირუსები ან ვაქცინები. თუმცა, მაიამის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულ ახალ კვლევებს ამ საკითხზე გარკვეული პასუხები უკვე აქვს.

ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ვირუსს პოტენციურად შორსმიმავალი გავლენები აქვს ყველა ასაკის კაცზე, მათ შორის ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მამაკაცებზე, რომლებსაც ბავშვის ყოლა სურთ.

მაიამის უნივერსიტეტის უროლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა, რეპროდუქციული უროლოგიის პროგრამის დირექტორმა, რანჯით რამასამიმ და მისმა ჯგუფმა COVID-19-ით გარდაცვლილი ექვსი კაცის გაკვეთისას აღებული სათესლე ჯირკვლების ქსოვილები შეისწავლა.

შედეგი აშკარაა: ერთი მამაკაცის ქსოვილში COVID-19-ის ვირუსი აღმოჩნდა, რომელიც იქ სპერმის რაოდენობას სამჯერ ამცირებდა.

კიდევ ერთ პაციენტს, რომელიც COVID-19-ს გადაურჩა, სათესლე ჯირკვლების ნიმუში ინფექციის გადატანიდან სამი თვის შემდეგ აუღეს. ბიოფსიამ აჩვენა, რომ კორონავირუსი ჯერ კიდევ მის ჯირკვლებში იყო.

მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა ისიც, რომ COVID-19 გავლენას ახდენს პენისზე. იმ ორი მამაკაცის პენისის ქსოვილის ანალიზი, რომლებსაც ბოლო პერიოდში პენისის იმპლანტები ჰქონდათ ჩადგმული, აჩვენებს, რომ COVID-19-ის დიაგნოზიდან 7-9 თვის შემდეგ, ვირუსი კვლავ იქ იყო. ორივე მამაკაცს ერექციის მწვავე დისფუნქცია განუვითარდა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ინფექციამ პენისის სისხლით მომარაგება შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მამაკაცს COVID-19-ის მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, მეორეს კი საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსის მსუბუქ შემთხვევებშიც კი, გამოჯანმრთელების შემდეგ, მამაკაცებს შეიძლება ერექციის მწვავე დისფუნქცია განუვითარდეთ.

ასეთი შედეგები მთლად გასაკვირიც არ არის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეცნიერებისთვის უკვე ცნობილია, რომ სათესლე ჯირკვლებში სხვა ვირუსებიც იჭრებიან და გავლენას ახდენენ სპერმის წარმოებასა და ნაყოფიერებაზე.

ერთი მაგალითი: 2006 წელს კორონავირუს SARS-CoV-ით (დაავადება SARS-ის გამომწვევი ვირუსი) გარდაცვლილი ექვსი პაციენტის სათესლე ჯირკვლების ნიმუშები აჩვენებდა უჯრედების მასშტაბურ განადგურებას, სპერმა კი იქ ძალიან ცოტა იყო ან საერთოდ არ იყო.

ასევე ცნობილია, რომ სათესლე ჯირკვლებში შესვლა და ანთების გამოწვევა შეუძლია ყბაყურისა და ზიკას ვირუსებს. ამ ვირუსებით ინფიცირებულ მამაკაცთა 20 პროცენტს სპერმის წარმოება უსუსტდება.

ამავე ჯგუფის მიერ ჩატარებულ კიდევ ერთ კვლევას დიდებული ამბავი აქვს. 45 მამაკაცზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს mRNA ვაქცინები უსაფრთხოა მამაკაცის რეპროდუქციული სისტემისთვის.

ეს კი ნამდვილად არის ვაქცინაციის კიდევ ერთი მიზეზი, რათა დაიცვათ მამაკაცის ნაყოფიერება და სქესობრივი ფუნქცია.

აღსანიშნავია, რომ ეს კვლევა ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯია მამაკაცის სქესობრივ ჯანმრთელობაზე COVID-19-ის გავლენის შესასწავლად. ნიმუშები პატარა იყო და საჭიროა ამ მიმართულების კვლევების გაგრძელება.

მიუხედავად ამისა, იმ მამაკაცებს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს და სათესლე ჯირკვლების ტკივილი აღენიშნებოდათ, შესაძლოა, იქ კორონავირუსი ჰქონდათ შეჭრილი. შედეგი კი შეიძლება იყოს ერექციის დისფუნქცია. ამ შემთხვევაში, აუცილებელია უროლოგთან ვიზიტი.

იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ არ აცრილან, კვლევის ავტორები მოუწოდებენ, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ამ ძლიერ აგრესიული ვირუსის მოსალოდნელ შედეგებზე.

COVID-19 ვაქცინაციისგან თავშეკავების ერთ-ერთი მიზეზი მამაკაცებში ნაყოფიერებაზე გავლენის შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაციებია. მაიამის უნივერსიტეტის კვლევამ საპირისპირო აჩვენა.

არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვაქცინა მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემას აზიანებს. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით COVID-19-ზე, რომელსაც ამ მხრივ მწვავე შედეგები აღმოაჩნდა.

კვლევა The World Journal of Men’s Health-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით