„კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ცდები ცხოველებზეც კი არ ჩატარებულა“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 10 ივნისს, „ბათუმიTV“-ის ეთერში ჰომეოპათმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,  თინა თოფურიამ  განაცხადა, რომ ყველა ვაქცინა შექმნილია ძალიან მოკლე დროში და ცდები ცხოველებზეც კი არ ჩატარებულა:

„ყველა ვაქცინა შექმნილია ძალიან მოკლე დროში, ვაქცინის შექმნას სჭირდება მინიმუმ 5 წელიწადი, რომ საერთოდ მსჯელობა წავიდეს მის ავკარგიანობაზე, ის, რომ დაზუსტდეს და ნამდვილად დამტკიცდეს – 10-12 წელიწადი, როცა უკვე ნახავენ შემდეგ თაობებში სიმსივნეებს ხომ არ იწვევს, უშვილობაზე ხომ არ მოქმედებებს, ეს ყველაფერი არის ჯერჯერობით გამოუკვლეველი და ამ მიმართულებით ჯერ კვლევები არც არის დაწყებული. ცხოველებზეც კი არ არის ჩატარებული, ამაშია საქმე, ამიტომ მე ყველას წინააღმდეგი ვარ“.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

რა დრო დაჭირდა კოვიდვაქცინების შექმნას და დაჩქარდა თუ არა ხელოვნურად მათი გამოყენება, „ანტიფეიკმა“  იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელთან, ივანე ჩხაიძესთან გადაამოწმა.

„სტანდარტული ვაქცინის შემუშავების პროცესი გრძელდება საშუალოდ 15 წელი. პირველი პრეკლინიკური –  5 წელი, შემდეგ არის პირველი ფაზა, მეორე ფაზა. ჯამში, სტანდარტულად გამოდის 15-წლიანი პერიოდი, მაგრამ კოვიდ 19-ის ვაქცინის დამუშავებას დასჭირდა 11 თვე, რადგან  ამ ვაქცინების შემუშავების დროს ძალიან ბევრი ახალი ტექნოლოგია გამოიყენეს. ასევე, უკვე ჩატარებული იყო ბევრი სხვა კვლევა, რომლებიც  ეხებოდა კორონავირუსის სხვა ტიპებს, როგორიც არის SARS-ისა და MERS-ის ვირუსები. ასევე, გამოყენებული იყო ებოლას ვაქცინის წინააღმდეგ შემუშავების გამოცდილება. ამ ყველაფერმა ერთობლივად  მოგვცა შესაძლებლობა, ეს პროცესი დაგვეჩქარებინა და სტანდარტული 15 წლის ნაცვლად, ვაქცინა მიგვეღო 10-11 თვეში. ვაქცინის შექმნის დაწყებაზე ჯანმო-მ  2020 წლის თებერვალში განაცხადა და დეკემბერში, მეათე თვეს ვაქცინა უკვე მზად იყო.

ძალიან ხშირად ეკრანიდან შეიძლება მოისმინოთ აბსურდული მოსაზრება, რომ  ეს ვაქცინები მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანებზეა გამოცდილი. ეს არის სრული სისულელე, ვინაიდან გამოცდილია არა მხოლოდ ჯანმრთელებზე, არამედ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე და სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანებზე.

ვაქცინა შექმნიდან გადის სტანდარტულ სტადიებს: იქმნება ვაქცინის დიზაინი, შემდეგ არის პრეკლინიკური კვლევები. როგორც წესი, ეს არის ცხოველებზე ექსპერიმენტალური კვლევები. მაგალითად, „პფაიზერმა“ ასეთი კვლევა თაგვებში და მაიმუნებში (მაკაკებში) ჩაატარა, „ასტრაზენეკამ“ – მაიმუნებში (მაკაკებში), „სინოფარმმა“ პრეკლინიკური კვლევა ჩაატარა ვირთაგვებში, კურდღლებსა  და მაიმუნებში, „სინოვაკმა” – მაიმუნებში (მაკაკებში). შემდეგ არის კლინიკური კვლევები, რომლის პირველ ფაზაში მონაწილეობს ჯანმრთელი რამდენიმე ათეული ადამიანი,  მეორე ფაზაში – სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე  რამდენიმე ასეული ადამიანი, მესამე ფაზის  კვლევა ავტომატურად გულისხმობს დიდი რაოდენობით ადამიანების შესწავლას. ამ ეტაპების გავლის გარეშე არც ერთი ორგანიზაცია არ მიიღებს  ვაქცინას  დასამტკიცებლად“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.  

სტანდარტული და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავების სტადიების თაობაზე სლაიდები იხილეთ აქ:

სლაიდი N1 სლაიდი N2

შესაბამისად, ჰომეოპათისა და  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის  თინა თოფურიას განცხადება, რომ „კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს სანდოობისთვის 10-12 წელი სჭირდება და ცდები ცხოველებზეც კი არ ჩატარებულა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით