„კოვიდ 19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

მოწოდებული ინფორმაცია

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს, ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა ვაქცინის შემოსვლის შემდეგ დაიწყო. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ივლისის თვეში საქართველო „პფაიზერის“ ვაქცინასაც მიიღებს. კომპანიასთან უკვე გაფორმებულია სათანადო შეთანხმება.

ქვეყანაში გართულებული „კოვიდ 19″-ის  საწინააღმდეგო აცრების ფონზე, „ანტიფეიკმა“ ვაქცინაციის მხრივ მსოფლიოში არსებული ვითარება გამოიკვლია.

გთავაზობთ 9 ივლისის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში „კოვიდ 19″-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგი მაჩვენებელი გვაქვს:

საქართველოში სულ 387, 697 ადამიანია აცრილი. აქედან ორჯერ ანუ სრულად ვაქცინირებულია 109, 825 მოქალაქე, რაც საერთო მოსახლეობის 2,9 პროცენტს შეადგენს. მხოლოდ ერთი დოზით აცრილია 277, 872 ადამიანი, რაც საერთო მოსახლეობის 7,5 პროცენტია.

აზერბაიჯანში, ჯამში, აცრილია 3, 910, 624 ადამიანი. მათ შორის სრულად ვაქცინირებულია  1,514,617 (მოსახლეობის 15 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზა მიღებული აქვს 2,396,007 ადამიანს (მოსახლეობის 23.8 პროცენტი).

სომხეთში ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობა 74,714 შეადგენს. აქედან ორივე დოზით აცრილია 16,196 ადამიანი (მოსახლეობის 0.55 პროცენტი), მხოლოდ ერთი დოზა  58,518 ადამიანს აქვს გაკეთებული ( მოსახლეობის 2 პროცენტი).

თურქეთში, ჯამში, 55,808,670 ადამიანია აცრილი. 16,347,747 ადამიანი სრულადაა ვაქცინირებული (მოსახლეობის 19.7 პროცენტი), 37,028,443 ადამიანს კი ერთი დოზა აქვს გაკეთებული (მოსახლეობის 44.5 პროცენტი).

რუსეთში, ჯამში, აცრილია  45,061,139 ადამიანი. მათ შორის სრულად ვაქცინირებულია 18,384,579 (მოსახლეობის 12.5 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 26,676,560 მოქალაქე (მოსახლეობის 18.2 პროცენტი).

გერმანიაში, ჯამში, 79,729,251 ადამიანს აქვს აცრა გაკეთებული. აქედან ორივე დოზით ვაქცინირებულია 33,909,828 მოქალაქე (მოსახლეობის 40.8 პროცენტი), ხოლო მხოლოდ ერთი დოზით 47,872,792 ადამიანი აიცრა (მოსახლეობის 57.6 პროცენტი).

იტალიაში ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობა 54,717,318 შეადგენს. აქედან 21,260,243 პაციენტი ორივე დოზით (მოსახლეობის 35.3 პროცენტი), ხოლო 34,714,661 ერთი დოზითაა აცრილი (მოსახლეობის 57.6 პროცენტი).

ისრაელში სულ ვაქცინირებულია 10,882,624 ადამიანი. მათ შორის ორივე დოზით აცრილია 5,186,400 (მოსახლეობის 56.5 პროცენტი), ხოლო ერთი დოზით – 5,696,224 მოქალაქე (მოსახლეობის 62.1 პროცენტი).

მოსახლეობის ვაქცინაციის მხრივ საუკეთესო შედეგი აქვს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს. ამ ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 15,728,415 ადამიანი. ორივე დოზა კი 6,398,972 ადამიანს აქვს მიღებული, რაც საერთო მოსახლეობის 64.7 პროცენტს შეადგენს, მხოლოდ ერთი დოზა გაკეთებული აქვს მოსახლეობის 74.8 პროცენტს, 7,397,884 ადამიანს.

198 ქვეყანას შორის ვაქცინაციის მაჩვენებლით ბოლო ადგილს ბურკინა ფასო იკავებს. ქვეყანაში მხოლოდ 25,833 ადამიანია აცრილი მხოლოდ ერთი დოზით, რაც მოსახლელობის 0.12 პროცენტს შეადგენს.

ვაქცინაციის მიუხედავად, ზოგ ქვეყანაში კვლავ შენარჩუნებულია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაღალი დონე. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს გამოქვეყნებული აქვს რუკა, რომელზეც ტურისტებისთვის ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობის რისკები ოთხდონიანი შკალითაა შეფასებული .

დონე 4 – წითელი – ძალიან მაღალი რისკი;

დონე 3 – ნარინჯისფერი – მაღალი რისკი;

დონე 2 – ღია ნარინჯისფერი – საშუალო რისკი;

დონე 1 – კრემისფერი – დაბალი რისკი.

ნაცრისფრად აღნიშნულ ქვეყნებში „კოვიდ 19″-ის გავრცელების დონე უცნობია.

ამ სიაში საქართველო ძალიან მაღალი რისკის შემცველ ქვეყანათა შორის აღმოჩნდა. ისევე როგორც ლიეტუვა, ლატვია, ნიდერლანდები, შვედეთი, ცენტრალური აფრიკის და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნები.

მეზობელი თურქეთი, სომხეთი და რუსეთი რუკაზე ნარინჯისფრად არიან აღნიშნულები, ხოლო აზერბაიჯანი ღია ნარინჯისფერ კატეგორიაში მოხვდა.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით