

მოწოდებული ინფორმაცია
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია ახალი „იოტა შტამის“ შესახებ, რომლის თანახმად, აღნიშნული შტამი ინფიცირების და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
„ანტიფეიკმა“ გამოიკვლია შტამის წარმომავლობა და გავრცელების მასშტაბები.
გადამოწმებული: 1tv.ge
„კოვიდ-19“-ის „იოტა ვარიანტი” პირველად 2020 წლის ნოემბერში, ნიუ-იორკში გამოვლინდა. 2021 წლის თებერვალში შტამი სწრაფად გავრცელდა როგორც შტატის, ასევე ქვეყნის მასშტაბით. 2021 წლის 11 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოს 104 ქვეყანაში „იოტა შტამის“ 47,749 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ ივლისის თვეში, კორონავირუსის „დელტა შტამის“ გავრცელებასთან ერთად, „იოტა ვარიანტის“ შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის და მენტალური ჰიგიენის დეპარტამენტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ „იოტა ვარიანტი“, გადადების სიჩქარის, იმუნიტეტის დასუსტების და გარდაცვალების მაჩვენებლის მხრივ, მკვეთრად აღემატება კორონავირუსის ორიგინალ შტამს.
კვლევის მიხედვით, კორონავირუსის სხვა შტამებთან შედარებით, „იოტა ვარიანტი“ 45-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანებში გარდაცვალების კოეფიციენტს 46 პროცენტით ზრდის, 65-74 წლის პაციენტებში – 84 პროცენტით, ხოლო 75 წელს გადაცილებულებში – 62 პროცენტით.
გარდა ამისა, „იოტას შტამის“ გადადების სისწრაფე სხვა ცირკულირებადი შტამებზე 15-25 პროცენტით უფრო მაღალია. აღნიშნული ვარიანტი ინფექციაგადატანილების 0-10% პროცენტში იმუნიტეტის გარღვევით ხასიათდება.