მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 21 თებერვალს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში, „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირაკლი კიკვაძემ საქართველოში კორუფციის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„კორუფციის ნიშნულით ღრმა 90-იან წლებში ჩავეშვით, როდესაც კოროფცია იყო როგორც ელიტური, ასევე – განვრცობილი რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე. პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთგულების სანაცვლოდ, ყველა მუნიციპალურ ხელმძღვანელს მიცემული აქვს სრული კარტ-ბლანში“, – განაცხადა ირაკლი კიკვიძემ.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI)  სახელმწიფოებში კორუფციის დონის განმსაზღვრელი ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“  სათავო ოფისი აქვეყნებს.  კორუფციის აღქმის ინდექსი მსოფლიოს ექსპერტთა და ბიზნესის სფეროში ჩართულ პირთა მოსაზრებებზე დაყრდნობით აფასებს, როგორია საჯარო სამსახურში კორუფციის დონის აღქმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და 2020 წლის მაჩვენებლებით, პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს იკავებს და ბოლო ხუთი წელია, ინარჩუნებს პოზიციას საუკეთესო ქვეყნების 25 პროცენტში.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველო მაჩვენებლებით უსწრებს ევროკავშირის ცხრა ქვეყანას.

იგივე დასტურდება სხვა საერთაშორისო კვლევებითაც. კერძოდ, Trace International -ის კვლევის მიხედვით, 2020 წლის მონაცემების მიხედვით, ბიზნესის კორუფციის რისკით, საქართველო,  194 ქვეყანას შორის, 28-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კვლევებით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველო 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილს იკავებდა 26 ქულით, რაც 2018 წლის მაჩვენებლების იდენტურია და გაუარესებულია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა საქართველო 200 ქვეყანას შორის 25-ე ადგილს იკავებდა 23 ქულით (შედარებისთვის: 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით,საქართველო 183 ქვეყანას შორის 64-ე ადგილზე იყო).

ამდენად, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის, ირაკლი კიკვაძის განცხადება, რომ საქართველო 90-იანი წლების ღრმა კორუფციაში ჩაეშვა, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით