„...კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში რამოდენიმე კვირაში იქნება და აცრა“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 21 ივლისს, ვებ-გვერდმა abcnews.com.ge-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით, „… კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში რამოდენიმე კვირაში იქნება და აცრა“.

მასში აღნიშნულია, რომ  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს.

„საქმის კურსში ვართ ამ ვაქცინის, ისევე როგორც რამდენიმე პერსპექტიული ვაქცინის შესახებ. ერთ-ერთ პერსპექტიულ ვაქცინად ითვლება სწორედ ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც მუშაობს ერთ-ერთ გიგანტ ფარმაცევტულ კომპანია „ასტრა ზენეკასთან“ ერთად… თუ დადგინდა ვაქცინის უსაფრთხოება, მაშინ ვაქცინა შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს. რაც შეეხება საქართველოს, ამ კომპანიასთან ვმუშაობთ, ერთი თვის წინ გვქონდა პირდაპირი კონტაქტები კომპანიასთან. ამავე დროს საქართველო მუშაობას „გავის ალიანსთან“, რომელსაც ბილ გეითსის ფონდი პირადად აფინანსებს. ჩვენ დიდი ხანია „გავისთან“ გვაქვს კონტაქტები, მათი საშუალებით მრავალი ვაქცინა დავნერგეთ ქვეყანაში. მიმდინარეობს ამ ორ წყაროსთან მუშაობა – „ასტრა ზენეკასთან“ და “გავისთან“, რათა ვაქცინის დამტკიცებისთანავე საქართველო იყოს რეციპიენტთა რიგებში“, – ციტირებს abcnews.com.ge ამირან გამყრელიძის განცხადებას.

გადამოწმებული: 1tv.ge

ვებ-გვერდ abcnews.com.ge-ის მიერ 2020 წლის 21 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციის სათაურის („…კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში რამოდენიმე კვირაში იქნება აცრა“) შინაარსი მთლიანად განსხვავდება და არაფერი აქვს საერთო თავად ინფორმაციაში მოთხრობილ ამბავთან. კერძოდ, სათაურისგან განსხვავებით, ინფორმაციაში საერთოდ არ არის ნახსენები კორონავირუსის ვაქცინის საქართველოში შემოტანის ვადები. მეტიც: თავად ინფორმაციაშია ხაზგასმული, რომ ვაქცინა ჯერ შემუშავებული კი არ არის.

„ამ ვაქცინამ გაიარა მესამე ფაზის კვლევების ერთ-ერთი ეტაპი და ახლა კიდევ ერთი დიდი კვლევის ნაწილი დარჩა, როდესაც უფრო გაფართოებულ ჯგუფზე, დაახლოებით, 10-15 ათას ადამიანზე უნდა მოხდეს კვლევის ჩატარება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამდენად, თავად ინფორმაციიდან ხდება ცხადი, რომ კორონავირუსის ვაქცინა რამდენიმე კვირაში შექმნილი და მითუმეტეს, საქართველოში შემოტანილი ვერ იქნება. ვაქცინის შექმნის კონკრეტულ ვადებს არც ამირან გამყრელიძე და არც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩათვლით) არ ასახელებენ. ბუნებრივია, არ სახელდება ჯერ არარსებული ვაქცინის საქართველოში შემოტანის ვადებიც.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვებ-გვერდ abcnews.com.ge-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სათაური „…კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში რამოდენიმე კვირაში იქნება და აცრა“ – არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით