„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის“

მოწოდებული ინფორმაცია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე 2021 წლის 12 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის“.

ამის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილს, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აიცრა და  მეორე დოზა  დაჯავშნა, პრობლემები შეექმნა – ორი დღეა, ისინი აცრას ვერ ახერხებენ. ხუთი ათასამდე ადამიანს შესაბამისი რეგისტრაცია საერთოდ გაუუქმდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, ასეთ მოქალაქეებს ბოდიში „კიდევ ერთხელ“ მოუხადა, „ოდნავი მოთმინებისკენ“ მოუწოდა და „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე „ჩაწერილებს“, „ალტერნატიულ ვარიანტად“, „სინოვაკით“ ან „სინოფარმით“ აცრა შესთავაზა.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკი“ დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრეს-სამსახურს და სთხოვა განმარტება, თუ რატომ გახდა პრობლემური „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრა იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც გაკეთებული ჰქონდა ვაქცინის პირველი დოზა და დაჯავშნილი ჰქონდა მეორე დოზით აცრა. ამასთან, შეახსენა უწყების მიერ 2021 წლის 12 მაისს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის შენახულია“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრეს-სამსახურში „ანტიფეიკს“ განუცხადეს, რომ „ამ თემაზე ამირან გამყრელიძემ უკვე გააკეთა კომენტარი“. თუმცა, დაავედებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ჟურნალისტებთან საუბრისას, არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ როდის და ვისზე დაიხარჯა „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი, „შენახული“ მეორე დოზა.

„შენახული“ ვაქცინის შესახებ არაფერია ნათქვამი დაავადებათა კონტროლის ცენტრის 22 ივნისის განცხადებაშიც. მასში საუბრია მხოლოდ იმ მიზეზებზე, რამაც „ასტრაზენეკას“ დოზების მოწოდების შეფერხება გამოიწვია.

„პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ ამ თემასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტში დაავადებებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ითქვა, რომ „შეფერხების მიზეზი, შესაძლოა, თავად, კლინიკები იყვნენ, რომლებმაც სათანადო ლოჯისტიკა ვერ უზრუნველყვეს“.  თუმცა, სამედიცინო დაწესებულებებმა ეს ინფორმაცია „მოამბესთან“ საუბრის დროს უარყვეს და განაცხადეს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც სამედიცინო დაწესებულებებს ვაქცინა უნდა მიაწოდოს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე 2021 წლის 12 მაისს გავრცელებული განცხადება, რომ „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის“, იყო სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით