

მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად, ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მაღაზიების გამყიდველებს კორონავირუსი დაუდასტურდათ და ამის გამო ,„ციხის ადმინისტრაციამ მსჯავრდებულებს საკნებიდან გამოსვლაზე შეზღუდვები დაუწესა“. აღნიშნული ინფორმაცია ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელდა.
ამ უკანასკნელის თქმით, პატიმრების მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, „ციხე არის ჩაკეტილი და შესვლა შეუძლებელია“.
„კორონა დაუდასტურდა გამყიდველს, რომელიც ყიდის იქ სხვადასხვა პროდუქციას, ასევე სხვა იქ მომუშავე პერსონალს. პირველ რიგში პატარიძე (გიორგი პატარიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი – „ანტიფეიკი“) არის პასუხისმგებელი და მან უნდა აგოს პასუხი და იმან, ვინც ჩუმად არის და მიჩქმალვა უნდა, რომ კორონავირუსია რეალურად ციხეებში და ამ ამბავს არ ავრცელებენ“, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე „მთავარ არხთან“ გაკეთებულ კომენტარში.
გადამოწმებული: 1tv.ge
აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებით პასუხობს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქსანში მდებარე არც ერთი დაწესებულების (N10 და N15) მაღაზიის თანამშრომლებში covid-19 არ დაფიქსირებულა“. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „მთავარმა არხმა“ ეს „ინფორმაცია იმ კერძო კომპანიაში გადაამოწმა, რომელიც პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიებში ოპერირებს და კომპანიამაც არ დაუდასტურა ეს ფაქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ადვოკატ კობაიძის ინტერვიუზე დაყრდნობით“.
„სიცრუეა ისიც, თითქოს, „ციხე არის დაკეტილი“. ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში მხოლოდ ის შეზღუდვები მოქმედებს, რაც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობების ამოქმედების შემდეგ ყველა დანარჩენ დაწესებულებაშია შემოღებული. კერძოდ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრებს შეჩერებული აქვთ ხანგრძლივი პაემნის უფლება, ხოლო ხანმოკლე პაემნები მინის ბარიერის გამოყენებით მიმდინარეობს. არანაირი განსაკუთრებული შეზღუდვა ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში არ მოქმედებს“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებაში.
ამრიგად, 2020 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია („ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების ციხეში არსებული მაღაზიების გამყიდველებს კორონავირუსი დაუდასტურდათ“, „ციხეები არის დაკეტილი“) არის სიყალბე.