მოწოდებული ინფორმაცია

რუსულმა საინფორმაციო საშუალება „ტასს“-მა გაავრცელა ხერსონის ოკუპირებული რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კირილ სტრემოუსოვის განცხადება, რომლის თანახმად, „ხერსონის ოლქმა გასული წლის მარცვლეულის მოსავლის რუსეთში ექსპორტი დაიწყო“.

მისი მტკიცებით, ხერსონის ოლქში არსებული გასულის წლის მარცვეულის მოსავლის რუსეთში საექსპორტოდ გატანა იმ მიზნით ხდება, რომ ახალი მოსავლისთვის ადგილი გამოტავისუფლდეს.

„ხდება შეთანხმება იმ ადამიანებთან, ვინც რუსეთის მხრიდან მარცვლეულის შესყიდვას აპირებს“, – აცხადებს კირილ სტრემოუსოვი.

გადამოწმებული: 1tv.ge

ხერსონის ოკუპირებული რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კირილ სტრემოუსოვის განცხადება რუსეთში უკრაინული მარცვლეულის „ექსპორტის“ შესახებ ერთობა ცინიკურია, რადგან ექსპორტი, კლასიკური გაგებით, ერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის სხვა ქვეყანაში გაყიდვას ნიშნავს, ამ შემთხვევაში კი, როგორც ირკვევა, საქმე გვაქვს საქონლის არა გაყიდვასთან, არამედ მის ქურდობასთან…

„უკრაინიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემი სირიაში ჩავიდა“, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ავტორიტეტული მედიასაშუალების ცნობით, სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ უკრაინული ფერმებიდან და ელევატორებიდან სავარაუდოდ მოპარული მარცვლეულით დატვირთული რუსული სატვირთო გემი სირიის პორტ ლატაკიაში ჩავიდა და ეს უკვე მისი მეორე რეისია ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში.

Maxar Technologies-ის მიერ გადაღებული ფოტოებით დასტურდება რუსულის სატვირთო გემის „მატროსი პოზინიჩის“ შესვლა ლატაკიაში მიმდინარე წლის 27 მაისს.

ის სამი გემიდან ერთ-ერთერთია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ყირიმის პორტ სევასტოპოლში მარცვლეულით დაიტვირთა. ბოლოს, აღნიშნული რუსულის სატვირთო გემი 19 მაისს სევასტოპოლში დაფიქსირდა, ცოტა მოგვიანებით კი – ბოსფორის სრუტესა და ხმელთაშუა ზღვის თურქეთის სანაპიროს სამხრეთ ნაწილში. ამ გემით დაახლოებით 30 000 ტონა მარცვლეულის გადატანაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ „მატროს პოზინიჩის“ მსგავსი სხვა რუსული სატვირთო გემიც იტვირთებოდა მარცვლეულით სევასტოპოლში.

„სიენენის“ მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით კი, სამხრეთ უკრაინის ფერმებიდან და ელევატორებიდან ოკუპანტებს ყირიმში რუსული სატვირთო მანქანების კოლონით მარცვლეული გადაჰქონდათ. მაისის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ოკუპირებულ რაიონებიდან რუსეთის ძალებმა 400 000 ტონაზე მეტი მარცვლეული მოიპარეს.

„მარცვლეულის ქურდობა საფრთხეს უქმნის წლევანდელ მოსავალს უკრაინაში, რომელიც მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში. რუსეთისთვის მარცვლეული მიმზიდველი საქონელია. ერთი ტონა ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზრებზე დაახლოებით 400 დოლარია და წელს ის მკვეთრად გაიზარდა. სატელტური ფოტოებიდან კარგად ჩანს, როგორ იტვირთება ყირიმში უკრაინული მარცვლეულით რუსული გემები“, – იტყობინება „სიენენი“.

ამდენად, ხერსონის ოკუპირებული რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, კირილ სტრემოუსოვის განცხადება, რომ „ხერსონის ოლქმა გასული წლის მარცვლეულის მოსავლის რუსეთში ექსპორტი დაიწყო“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით