

მოწოდებული ინფორმაცია
2020 წლის 11 დეკემბერს, formulanews.ge-მ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „ფორმულას“ წყარო: ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ISFED-ზე პარალელური დათვლის შედეგების შესაცვლელად“.
მასში ნათქვამია, რომ „ფორმულას“ წყაროს ინფორმაციით, ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებზე“ (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შეცვალონ“.
გადამოწმებული: 1tv.ge
formulanews.ge-ს მიერ გავრცელებულ იმავე ინფორმაციაში, რომელშიც საუბარია „ქართული ოცნების“ მხრიდან „სამართლიან არჩევნებზე“ ზეწოლაზე, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე ასეთ ზეწოლას უარყოფს.
„ISFED–ის ხელმძღვანელი „ფორმულასთან“ საუბარში ადასტურებს, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა, მისივე თქმით, დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინა ხმის პარალელური დათვლის შესახებ, თუმცა, არ ადასტურებს ზეწოლას“, – წერს formulanews.ge.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ „სამართლიან არჩევნებთან“ კომუნიკაცია და მონაცემების გამოთხოვა კვლევებში „მარტივი ხარვეზის აღმოჩენით“ იყო განპირობებული.
„ზეწოლა რა შუაშია, იყო მარტივი აცდენა სურათისგან. წარმოიდგინეთ, რომ ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგია (PVT) როცა დაიდო, PVT-ის თანახმად გამოდის ისე, რომ ბარიერს ზემოთ ყველა პარტიას უჯდება მინუსი, რაც შეუძლებელია. შესაბამისად, ჩვენ აღმოვაჩინეთ ჩვენი აზრით მარტივი ხარვეზი და ამასთან დაკავშირებით მოვითხოვეთ მონაცემები, რომელიც ამ ხარვეზს დაადასტურებს. თუ ეს ხარვეზი გამოსწორდება, ამ შემთხვევაში მარტო ჩვენი მონაცემი კი არ შეიცვლება, მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ აცდენაც არის 0.8 პროცენტი, იქ „ევროპული საქართველოს“ აცდენა არის თუ არ ვცდები 0.2 პროცენტი და ა.შ. ეს ყველაფერი ერთბაშად გასწორდება. დაახლოებით 2-3 კვირის წინ გვქონდა შეხვედრა „სამართლიან არჩევნებთან“. მისული არავინ იყო, იყო ონლაინ შეხვედრა, რომელსაც ჩვენი მხრიდან ესწრებოდა „ქართული ოცნების“ სამი ახალი სახე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 11 დეკემბერს, formulanews.ge-ს მიერ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ხელისუფლება ზეწოლას ახდენს „სამართლიან არჩევნებზე“ პარალელური დათვლის შედეგის შესაცვლელად“, არის სიყალბე.