„ჯანმოს ეპიდემიოლოგის სკანდალური აღსარება - „ეპიდემია არ არსებობს!“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 15 ივნისს ვებპორტალზე „პოლიტიკა დღეს“, „ჰოთ-ნიუსზე” დაყრდობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგი მარია ვან კერკოვეს სენსაციური განცხადების თანახმად, ეპიდემია არ არსებობს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში კოვიდ 19-თან ბრძოლის ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ამერიკელმა ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგმა, მარია ვან კერჰოვმა სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კარანტინისა და კომენდანტის საჭიროება არ არსებობს და ყველაფერი ეს ხელისუფლების მოთხოვნას წარმოადგენდა ჩანასახშივე.

„პანდემია არ არის. ეპიდემია არ არსებობს. არავითარი ვაქცინა არ არის საჭირო. ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება ხელთათმანები, პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები. არ იყო აგრეთვე არც კარანტინის და კომენდანტის საათის საჭიროება და არც ე.წ კონტაქტების გამოკვლევა, ვირუსი ზედაპირზე ვერ ცოცხლობს- ამგვარი იზოლაცია მხოლოდ მთავრობების მოთხოვნა იყო. ნებისმიერ ორგანიზაციას, ფიტნეს-კლუბს, თეატრებსა და რესტორნებს/კაფე-ბარებს საშუალება აქვთ, იმუშაონ სრული დატვირთვით,“ – აცხადებს ეპიდემიოლოგი.

მარია კერკოვამ აღნიშნა, რომ მთავარი რეკომენდაცია სიცხის გაზომვაა. მისი თქმით, სხვა სახის ვირუსებით საგრძნობლად მეტი ადამიანი კვდება ყოველწლიურად ვიდრე კორონავირუსით,“ -წერს „პოლიტიკა დღეს“.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკის” მიერ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებისას, აღმოჩნდა, რომ „ჰოთ-ნიუსზე“ მსგავსი ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება. ასევე, თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას თან დართული ჰქონდა ვიდეო, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 8 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე, „როიტერის” კორესპონდენტის მიერ ასიმპტომური პაციენტების მიერ ინფექციის გავრცელების შესახებ დასმულ შეკითხვაზე მარია ვან კერკოვე აღნიშნავდა, რომ ასეთი გადაცემის შემთხვევები ძალიან იშვიათია.

მოგვიანებით ვიდეო, რომელიც „პოლიტიკა დღეს“ „სკანდალური განცხადების“ მტკიცებულებად ჰქონდა მოყვანილი საიტიდან წაშალეს და აღარ იძებნება, ხოლო თავად ინფორმაცია კვლავ საიტზე დევს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2020 წლის 15 ივნისს ვებპორტალზე „პოლიტიკა დღეს” გამოქვეყნებული ინფორმაცია არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით