მოწოდებული ინფორმაცია

საინფორმაციო სააგენტო „ტაონიუსის“ გენერალურმა დირექტორმა, „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ, აღნიშნული სააგენტოს ვებ-გვერდსა და საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, გამოაქვეყნა ჯანდაცვის სამინისტროსადმი მიმართვა, რომ აღნიშნულმა უწყებამ გაასაჯაროოს კორონავირუსით გარდაცვლილი თითოეული პირის ისტორია.

გადამოწმებული: 1tv.ge

ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რომლის რეალიზების არსებით კომპონენტსაც წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დაცვა, გარან­ტირებულია მრავალი სანართლებრივი ინსტრუმენტით. ამასთან, უშუალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების დაცვისა და მისი კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად, არაერთი დამხმარე სახელმძღვანელო თუ რეკომენდაციაა მიღებული. მათ შორის, აღსანიშნავია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წლის 13 თებერვლის No(97)5 რეკომენდაცია სამედიცინო მონაცემების დაცვის თაობაზე, რომელიც წარ­მოადგენს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ჯან­მრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების სახელმძღვანელო დოკუმენტს.

საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასა­მართლომ არაერთი საქმის განხილვისას გაუსვა ხაზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების მნიშვნელობას და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე­-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ცნება ამგვარ მონაცემებზეც ვრცელდება.

საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პირადი ცხოვ­რების ხელშეუხებლობის, პერსონალური მონაცემების, მათ შო­რის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორ­მაციის დაცვის საკითხები რეგულირდება როგორც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო დეკლა­რაციული და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტებით, ასე­ვე საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ და სხვა კანონქვემდებარე აქტებით, როგორიცაა საქართველოს მთავრობის დადგენილებები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტები.

„პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის თანახმად, ჯანდაც­ვის პერსონალმა მის ხელთ არსებული ინფორმაცია პაციენტის შესახებ უნდა დაიცვას პირის გარდაცვალების შემდეგაც.

ამასთან, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 42-ე მუხლის მიხედვით, ჯანდაცვის პერსონალი მოვალეა, დაიცვას სამედიცინო საიდუმლო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვს გარდაცვლილის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლო, საგამოძიებო ორგანოები, ან ეს აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოე­ბის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებე­ბის დასაცავად.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ნიკოლოზ მჟავანაძის მოთხოვნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვოს კორონავირუსით გარდაცვლილი თითოეული პირის ისტორია, არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით