„გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდების დროს პრაქტიკულად არასდროს აღკვეთის ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 22 აპრილს საინფორმაციო საშუალებებმა („მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ტაბულა“, „ფორმულა“ და სხვა) გაავრცელეს ოპოზიციური პარტიების განცხადება ქალის მიმართ ძალადობისთვის დაკავებული გოგი წულაიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.

„გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდების დროს პრაქტიკულად არასდროს აღკვეთის ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, რაც უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე,“ – აღნიშნულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • გირჩი-მეტი თავისუფლება
  • ევროპული საქართველო
  • მოძრაობა დროა
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ლეიბორისტული პარტია
  • გამარჯვებული საქართველო
  • ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
  • ახალი ქრისტიან დემოკრატები სამართლიანობისთვის
  • ლელო საქართველოსთვის
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
  • ევროპული დემოკრატები
  • კანონი და სამართალი
  • პროგრესი და თავისუფლება
  • ქართული არჩევანი
  • საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
  • ეროვნულ დემოკრატიული პარტია
  • სახელმწიფო ხალხისათვის
  • თავისუფალი საქართველო
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
  • ქრისტიან კონსერვატული პარტია
  • ემსახურე საქართველოს

მოგვიანებით, „ლელომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წულაიას თემა პარტიაში არ განხილულა და ამდენად, განცხადებაზე ამ ორგანიზაციის ხელმოწერა ვერ იქნებოდა.

გადამოწმებული: 1tv.ge

თბილისის საქალაქო სასამართლო  ბრალდებულ გიორგი (გოგი) წულაიასთან დაკავშირებით პოლიტიკური  პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებას  პასუხობს და განმარტავს, რომ სქესობრივი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი) დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის სასამართლომ ბრალდებულების  მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახედ  გასულ წლებში პატიმრობა გამოიყენა.

აღნიშნულის დასტურად მოტანილია შესაბამისი სტატისტიკა, რომლის თანახმად, 2019-2021 წლებში  აღნიშნული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა 7 შუამდგომლობა, საიდანაც  მოსამართლის განჩინების საფუძველზე  6 შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ  გამოყენებულ იქნა პატიმრობა, ხოლო ერთ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მხარეებს შორის გაფორმდა  საპროცესო შეთანხმება,  სადაც ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.

„მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებაში აღნიშნული მოსაზრება, რომ მოცემული  სახის დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის აღკვეთი ღონისძიების მკაცრი ფორმა – პატიმრობა არასდროს გამოყენებულა“, – აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

შესაბამისად, ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული განცხადება („გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდების დროს პრაქტიკულად არასდროს აღკვეთის ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით