„გლობალური დათბობა ბუნებრივი ციკლის ნაწილია და ადამიანს მისი შეჩერება არ შეუძლია"

მოწოდებული ინფორმაცია

შოტლანდიაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის სამიტის მიმდინარეობის დროს, ფეისბუქ-სივრცეში ვირუსულად გავრცელდა ფოტო წარწერით, რომ გლობალური დათბობა ბუნებრივი ციკლის ნაწილია და მასში ადამიანის ხელი არ ურევია.

„გლობალური დათბობა ბუნებრივი ციკლის ნაწილია და ჩვენ მის შესაჩერებლად არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ამჟამად მსოფლიო ხარჯავს დიდი რაოდენობის თანხას იმის აღმოსაფხვრელად, რაც რეალურად არ არსებობს“, – ნათქვამია ტექსტში, რომლის ავტორად დოქტორი დევიდ ბელამი სახელდება.

გადამოწმებული: 1tv.ge

PolitiFact-ის მიხედვით, ფოტოზე გამოსახული ინგლისელი ბოტანიკოსი დევიდ ბელამი 2019 წელს გარდაიცვალა. მეცნიერმა გლობალური დათბობის შესახებ საკუთარი მოსაზრება 2008 წლის ინტერვიუში გამოთქვა.

ამჟამად, მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ კლიმატის ცვლილება ადამიანის მიერ არის გამოწველი.

2021 წლის 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც 234 ავტორის 14,000 კვლევაა შესული, ვკითხულობთ – „უდავოა, რომ ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედებამ დაათბო ატმოსფერო, ოკეანე და ხმელეთი“. კვლევა მსოფლიოს ათობით ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.

კვლევაში მეცნიერები „მაღალი სარწმონოებით“ ამბობენ, რომ 1950-იანი წლებიდან დაწყებული, არანორმალური სიცხეები, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში აღინიშნა, სწორედ ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგია.

ასევე „მაღალია ალბათობა“ იმისა, რომ ადამიანის ზემოქმედებამ გამოიწვია გვალვები, ხანძრები და დატბორვები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

„ნასა” კლიმატის ცვლილებაში ადამიანის როლს ასე აღწერს: „მრავალ მეცნიერულად აღიარებულ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ნახევარი საუკუნის მანძილზე გამოვლენილი კლიმატის დათბობის მთავარი მიზეზი ადამიანია“.

„ნასა” ასევე აღნიშნავს, რომ დედამიწის კლიმატი მუდმივად ცვალებადია და გასული 800, 000 წლის მანძილზე გამოწვეული ცვლილებები პლანეტის ორბიტაზე მიმდინარე მცირედი მერყეობის შედეგია. ასეთ ძვრებს განსაზღვრავს ის, თუ რა რაოდენობის ენერგიას იღებს პლანეტა მზისგან.

მაგრამ, ბოლო დროს მიმდინარე პროცესები უბრალოდ დედამიწის ორბიტაზე მიმდინარე ძვრების შედეგი არაა. „ნასაში“ ამბობენ, რომ აღნიშნული ანომალიები 95-პროცენტიანი ალბათობით ადამიანის მიერაა გამოწვეული. ასეთი მაგალითია ე.წ სათბურის აირების მაჩვენებლების გაზრდა. ერთ-ერთი ასეთი აირია ნახშირორჟანგი, რომელიც პლანეტაზე გამოყოფილ სითბოს ატმოსფეროდან არ შვებს და მას ზედაპირზე აბრუნებს. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ ჰაერში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია 47 პროცენტით გაიზარდა.

კლიმატის კონფერენციების მთავარი მიზანია, მსოფლიოს ქვეყნებმა დაიწყონ ეფექტური ნაბიჯების გადადგმა გლობალური დათბობის შესაჩერებლად. ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შოტლანდიაში გამართულ კონფერენციას კაცობრიობის ბოლო შანსიც კი უწოდა.

ამრიგად, ავტორიტეტული მეცნიერები, კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, თანხმდებიან, რომ გლობალური დათბობა ადამიანის მიერ არის გამოწვეული. შესაბამისად, ფეისბუქ-სივრცეში გავრცელებული ინფორაცია, რომ „გლობალური დათბობა ბუნებრივი ციკლის ნაწილია და ადამიანს მისი შეჩერება არ შეუძლია“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით