მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 17 ივნისს რამდენიმე ვებ და ფეისბუქ-გვერდმა (abcnews.com.ge; viki.ge; airchie.com; footbal.ge; Podium.Beauty.Salon.and.Shop),  გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „კორონას მეორე ტალღა აღარ იქნება და შესაძლოა სულ მალე გაქრეს“…

აღნიშნული ვებ და ფეისბუქ-გვერდები ავრცელებენ ციტატას, რომელსაც ისინი ამირან გამყრელიძეს მიაწერენ: „გილოცავთ, ვირუსის მეორე ტალღა აღარ იქნება და შესაძლოა სულ მალე გაქრეს… ჩვენ ვარაუდობდით, რომ მეორე ტალღა უფრო რთული და საშიში იქნებოდა, თუმცა დღეის მონაცემებით, მშვიდობა გვაქ და მეორე ტალღაც არ უნდა ველოდოთ. უფლის ნებით იმედია მეორე ტალღა არ იქნება. მსოფლიოში ჯერ არ გამქრალა კორონავირუსი და მათ შორის არც ჩვენთან. სულ მალე შესაძლოა ველაფერი დასრულდეს. ჩვენი თხოვნაა დაიცვათ წესრიგი და იარეთ პირბადეებით“ (სტილი და კორექტურა დაცულია).

აღნიშნული ინფორმაციის წყაროდ abcnews.com.ge, footbal.ge, viki.ge და airchie.com მიუთითებენ mysport.net.ge-ს, თუმცა, ამ პლატფორმაზე ზემოთ დასახელებული ინფორმაცია არ იძებნება. რაც შეეხება ფეისბუქ-გვერდ Podium.Beauty.Salon.and.Shop-ს, ის ინფორმაციის წყაროდ abcnews.com.ge-ს ასახელებს.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ანტიფეიკმა” გადაამოწმა ზემოთ დასახელებული ვებ და ფეისბუქ გვერდების მიერ გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილე.

აღნიშნული სააგენტოები ინფორმაციის პირველწყაროდ mysport.net.ge – ს უთითებენ, თუმცა ამ საიტზე მსგავსი სახის ინფორმაცია არ დევს.

„ანტიფეიკმა” გაარკვია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს მსგავსი რამ არსად უთქვამს. 16 ივნისს, „რუსთავი 2″-ს მან განუცხადა:“არც ის ორნიშნა რიცხვი და არც ეს ნული, არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას, ეპიდემია ქვეყანაში გრძელდება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ის არის მართვადი და ემორჩილება კონტროლს, კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მეტად დავიცვათ სიფრთხილე და ის რეკომენდაციები, რასაც  ჯანდაცვის სექტორი იძლევა.”

იმავე „რუსთავი -2″-თან ინტერვიუში ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღას შემოდგომაზე ელოდება: „ის, რაც დღეს ხდება, არავითარი საფუძველი შეზღუდვების გაძლიერებისა არ არის, უფრო უნდა მეტი თვითშეგნება ჩვენი მოსახლეობის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა, უნდა დავიცვათ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. მარტო სახელმწიფო ვერაფერს იზამს, თუ საზოგადოება გვერდით არ ამოუდგა. ჩვენ კლასიკურ მეორე ტალღას უფრო ველოდებით ცივ შემოდგომაზე ანუ აცივებისას”.

ამდენად, ზემოთქმულიდან გამომდინარე დასახელებული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია: „გილოცავთ, ვირუსის მეორე ტალღა აღარ იქნება და შესაძლოა სულ მალე გაქრეს…„-ამირან გამყრელიძე”, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით