მოწოდებული ინფორმაცია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში, რომელიც გერმანიაში დროებით ლეგალური დასაქმების შეეხება, აღნიშნულია: „გერმანიაში სოფლის სამეურნეო სამუშაოებზე წამსვლელთა რეგისტრაცია დაიწყო და მსურველთა რაოდენობა უკვე 70 ათასს უახლოვდება და სულ უფრო იზრდება. მათ იმედი აქვთ, რომ თავს უშველიან, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ტყუილად არეგისტრირებენ –  გერმანიასა და საქართველოს შორის შეთანხმება მაისში მხოლოდ 500 კაცის გამგზავრებას ითვალისწინებს. დანარჩენი ათეულობით ათასი მსურველი კი ამ პროგრამის მიღმა დარჩება“.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის ქვოტა არ არის დადგენილი. დასაქმებულთა რაოდენობა დამოკიდებულია მოწოდებულ სამუშაო შემოთავაზებებზე (ვაკანსიების რაოდენობაზე)“.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველითაურიც ასევე ადასტურებს, რომ ვაკანსიების რაოდენობა და იმის თქმა, თუ რამდენი ადამიანი შეძლებს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებას, განსაზღვრული არ არის. „კონკრეტული, ოფიციალური კვოტა გამოყოფილი არ არის. ეს არის საპილოტე პროგრამა და უნდა შევხედოთ, როგორი იქნება გერმანული მხარის, გერმანელი დამსაქმებლის მოთხოვნა“, – აცხადდებს ველითაური.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი, გიორგი ბუნტური ასევე აღნიშნავს, რომ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა შეზღუდული არაა.

„ხელშეკრულებით არავითარი კვოტა არაა განსაზღვრული, რომელიც დასაქმებულების რაოდენობას შეზღუდავდა. შესაბამისად, როგორი მოთხოვნაც იქნება, იმის მიხედვით მოხდება დასაქმება. ზუსტ ციფრს ცხადია, ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა აუცილებლად ათასები იქნება“, – აცხადებს გიორგი ბუნტური.

ამდენად, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია („გერმანიაში წასვლის მსურველებს ტყუილად არეგისტრირებენ –  გერმანიასა და საქართველოს შორის შეთანხმება მაისში მხოლოდ 500 კაცის გამგზავრებას ითვალისწინებს. დანარჩენი ათეულობით ათასი მსურველი კი ამ პროგრამის მიღმა დარჩება“) არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით