

მოწოდებული ინფორმაცია
2021 წლის 8 თებერვალს, საინფორმაციო სააგენტო „თვალსაზრისმა“ (tvalsazrisi.ge) გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „გერმანია და საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას მხარს არ უჭერენ“.
„საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი, არ არიან მზად, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მიიღონ მონაწილეობა ვაშინგტონიდან მართულ ანტირუსულ პროვოკაციებში. შესაბამისად, გერმანია და საფრანგეთი არ აპირებენ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს“, – წერს საინფორმაციო სააგენტო.
როგორც „თვალსაზრისი“ აღნიშნავს, „პარიზი და ბერლინი ვერ ბედავენ ღრმად შეტოპვას უკრაინისთვის ბრძოლაში. ორივე ქვეყანას ეშინია ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩენის და კარგად ესმით, რომ ანტირუსული პოლიტიკა პირველ რიგში მათი ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს“.
გადამოწმებული: 1tv.ge
2022 წლის 7 თებერვალს, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თეთრ სახლს ეწვია და შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები, სხვა სანქციებთან ერთად, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის შეჩერებაზე იზრუნებს.
ოლაფ შოლცმა კი განაცხადა, რომ გერმანია და შეერთებული შტატები რუსეთისთვის სანქციების დაწესების „აბსოლუტურად ერთნაირ“ ხედვას იზიარებენ.
ჯერ კიდევ ბაიდენთან შეხვედრამდე გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში „მძიმე საფასურს“ გადაიხდის.
რუსეთისთვის სანქციების დაწესების მომხრეა საფრანგეთის პრეზიდენტიც. ემანუელ მაკრონმა არაერთხელ დაადასტურა, რომ საფრანგეთი დასავლეთის ქვეყნების გვერდით დგას და იზიარებს ხედვას, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთს „ძალიან ძვირად დაუჯდება“.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბაიდენმა და მაკრონმა დაადასტურეს მათი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განიხილეს კოორდინაციული მოქმედებები როგორც დიპლომატიის, ასევე რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე ეკონომიკური ხარჯების დაკისრების კუთხით, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება.
8 თებერვალს კი საფრანგეთის პრეზიდენტი ბერლინში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპა ყველაფერს გააკეთებს კონტინენტზე მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და კვლავაც გააგრძელებს ევროპული ღირებულებების დაცვას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საინფორმაციო სააგენტო „თვალსაზრისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „გერმანია და საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას მხარს არ უჭერენ“, არის სიყალბე.