

„გარდაცვლილმა 67 წლის მამაკაცმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე დღის წინ გაიკეთა“
მოწოდებული ინფორმაცია
2021 წლის 4 მაისს, ტელეკომპანია „TV პირველმა“, საკუთარ ვებ-გვერდზე, გაავრცელა ინფორმაცია სათაურით, „ვაქცინაციიდან 2 დღეში გარდაცვლილი 67 წლის კაცი – რა მოხდა თბილისში“.
გარდაცვლილის მეზობლებზე დაყრდნობით, ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ „მამაკაცმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე დღის წინ გაიკეთა“.
„იმუნიზაციიდან ორ დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და საკუთარი სახლის ეზოში გარდაიცვალა“, – აცხადებს ტელეკომპანია „TV პირველი“.
გადამოწმებული: 1tv.ge
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ანტიფეიკი“ დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ამირან გამყრელიძეს.
მისი განცხადებით, „სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისში, ასტრაზენეკათი აცრილი 67 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ ადასტურებს“.
ამასთან, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვითომდა ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი 67 წლის მოქალაქის ოჯახის წევრის (შვილიშვილის) პოსტები, რომლებშიც ის კატეგორიულად უარყოფს ვაქცინაციის გამო მისი ბაბუის გარდაცვალებას.
„არავითარი ვაქცინა და ამბები, უსირცხვილო ჟურნალისტები მთელი დღე თავს დაგვტრიალებდნენ… პაპა გარდაიცვალა ტრომბით, რომელიც ჩვენს ოჯახს, როგორც ჩანს, გენეტიკურად მოყვება, წამში გათავდა სიცოცხლე… მორჩით ამ მარაზმს“, – წერს საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გარდაცვლილის შვილიშვილი სალომე კაპანაძე.

ამდენად, ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გავრცელებული ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე დღის შემდეგ 67 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ, არის სიყალბე.