„განადგურებულია ამერიკული წარმოების Bradley-ის ტიპის ქვეითთა 4 საბრძოლო მანქანა... ასევე განადგურებულია HIMARS-ის 27 საარტილერიო დანადგარი“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კონაშენკოვი, 12 იანვრის ყოველდღიურ მიმართვაში, უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა  Bradley-ის განადგურებაზე საუბრობს.

„საბრძოლო მოქმედებების ზონაში მტერმა დაკარგა 11 ტანკი,  ქვეითთა 17 საბრძოლო მანქანა, მათ შორის – ამერიკული წარმოების Bradley-ის ტიპის ქვეითთა 4 საბრძოლო მანქანა“, – განაცხადა რუსმა გენერალმა.

აღსანიშნავია, რომ იგორ კონაშენკოვი 4 ამერიკული Bradley-ის განადგურების შესახებ გასული წლის 4 სექტემბერსაც საუბრობდა.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ უკრაინის მიერ შეერთებული შტატებიდან ექვსი თვის განმავლობაში მიღებული HIMARS-ის 27 საარტილერიო დანადგარი განადგურდა.

გადამოწმებული: 1tv.ge

2023 წლის 5 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი განიხილავს  უკრაინაში Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების გაგზავნას, რათა დაეხმაროს ამ ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკვე მეორე დღეს კი, 6 იანვარს შეერთებული შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია უკრაინისთვის 2,8 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ, რომელშიც  M2 Bradley – ის ტიპის 50 ქვეითთა საბრძოლო მანქანაც შედის.

6 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ლორა კუპერმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი სამხედრო წვრთნების პროგრამის დაწყებას აშშ  იანვრის ბოლოს გეგმავს და ამ პროგრამაში Bradley-ის შესწავლაც შედის.

ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, სასწავლო პროგრამა რამდენიმე თვეზეა გათვლილი და ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 500 უკრაინელი ჯარისკაცი შეძლებს წვრთნის გავლას.

ლორა კუპერის ეს განცხადება პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმაც დაადასტურა.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ უკრაინას იარაღი, მაგრამ არ ვაპირებთ წინასწარ გამოვაცხადოთ, ზუსტად როდის ჩამოვა ეს სისტემები“, – აღნიშნა პეტ რაიდერმა.

2023 წლის 12 იანვარს (ანუ, იმავე დღეს, როდესაც იგორ კონაშენკოვმა 4 ერთეული Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანის განადგურების შესახებ ისაუბრა) რუსულმა საინფორმაციო საშუალება „ვესტი“-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად,  უკრაინელი მებრძოლებისთვის Bradley-ის მართვის შესწავლა მომავალი კვირიდან დაიწყება და სწავლების პროცესი გერმანიაში ჩატარდება.

ასე რომ, თავად რუსული წყაროებით დასტურდება, რომ რუსი გენერლის განცხადების დროს, Bradley-ის ტიპი ამერიკული საბრძოლო მანქანები უკრაინაში ჯერ კიდევ არ იყო ჩასული და ამდენად, რუსები ვერანაირად ვერ „გაანადგურებდნენ“ მათ. მითუმეტეს, ამის გაკეთებას ისინი გასული წლის სექტემბერში ვერ მოახერხებდნენ…

მადიასაშუალებები  იგორ კონაშენკოვის კიდევ ერთ აბსურდულ განცხადებაზეც ამახვილებენ ყურადღებას. ტელეგრამ-არხმა Moscow Calling -მა გამოთვალა, რომ ექვს თვეში კონაშენკოვმა ქვეყნის ხელმძღვანელობას აცნობა უკრაინის მიერ შეერთებული შტატებიდან მიღებული HIMARS-ის 27 საარტილერიო დანადგარის განადგურების შესახებ, თუმცა ამ 6-თვიან პერიოდში ოფიციალურ კიევს  მხოლოდ 20 ასეთი დანადგარი ჰქონდა მიღებული. ამასთან, არ არსებობს სანდო ინფორმაცია, HIMARS-ის თუნდაც 1 საარტილერიო დანადგარის განადგურებასთან დაკავშირებით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კონაშენკოვის განცხადებები („განადგურებულია ამერიკული წარმოების Bradley-ის ტიპის ქვეითთა 4 საბრძოლო მანქანა… ასევე განადგურებულია HIMARS-ის 27 საარტილერიო დანადგარი“) არის აბსურდი.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით