„ფეხბურთის ფედერაციამ შერჩევითად გააგდო ზუგდიდის „დინამო“ მეორე ლიგიდან... გაუგებარია, რატომ გააგდეს მეორე ლიგიდან მხოლოდ ზუგდიდის გუნდი“

მოწოდებული ინფორმაცია

ტელეკომპანია „ოდიშის“ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა პარლამენტის წევრის, ანი წითლიძის ბრიფინგის ამსახველი ვიდეო. ანი წითლიძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „დინამოს“ მიმართ დაკისრებულ სანქციებზე საუბრობს და აცხადებს: „ფეხბურთის ფედერაციამ შერჩევითად გააგდო ზუგდიდის „დინამო“ მეორე ლიგიდან… გაუგებარია, რატომ გააგდეს მეორე ლიგიდან მხოლოდ ზუგდიდის გუნდი“.

„ფეხბურთის ფედერაციამ შერჩევითად გააგდო ზუგდიდის „დინამო“ მეორე ლიგიდან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ფეხბურთის ფედერაცია იყენებს შერჩევით სამართალს, იმიტომ რომ საეჭვო თანაშებში ეჭვმიტანილი შეიძლება იყოს უმაღლესი ლიგის თითოეული გუნდი. გაუგებარია, რატომ გააგდეს მეორე ლიგიდან მხოლოდ ზუგდიდის გუნდი“, – განაცხადა ბრიფინგზე ანი წითლიძემ.

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ე.წ „გარიგებულ მატჩებში“ მონაწილეობისთვის, არაერთი საფეხბურთო კლუბი და ფეხბურთელი დაუსჯია. ბოლო სანქცია ფეხბურთის ფედერაციამ 2 თვის წინ გამოიტანა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის მიერ  2022 წლის 21 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის „დინამო“, გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისა და თაღლითური ფსონებისთვის, მკაცრად დაისაჯა. კერძოდ:

  • ს.კ. ზუგდიდის „დინამო“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში; ასევე  დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან;
  • ს.კ. ზუგდიდის „დინამო“ დაჯარიმდა ფულადი ჯარიმით 10 000 ლარის ოდენობით;
  • ს.კ. ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელებს, ნიკა აფხაზავას, ნიკოლოზ ბერიშვილს და ავთო ენდელაძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით, ხოლო სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუას და როინ ჩხაიძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით (ვადის მოქმედება წყდება ნებისმიერი საჩემპიონატო ინტერვალით – სეზონებს შუა ან შესვენების პერიოდებში);
  • ს.კ. ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: ნიკა აფხაზავას –  5 000 ლარი; ნიკოლოზ ბერიშვილსა და ავთო ენდელაძეს – 3 500 ლარი; სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუასა და როინ ჩხაიძეს – 2 000 ლარი.

თუმცა, ეს სასჯელი გამონაკლისი, შერჩევითი არ ყოფილა და ანალოგიური სანქციები ლიგა-2-ში მოასპარეზე სხვა კლუბის, კერძოდ კი  თბილისის „შევარდენი 1906“-ის მიმართაც გატარდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით:

  • ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში; ასევე დისკავლიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან;
  • ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“ დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით;
  • ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელებს, ნიკოლოზ ჯიშკარიანს, გიორგი ნადირაძეს, ილია რეხვიაშვილს, დმიტრო ზოზულიას და ოლექსანდრ ვეჩტომოვს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. ხოლო ნიკა ქორიძეს და იგორ კირიენკოს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით (ვადის მოქმედება წყდება ნებისმიერი საჩემპიონატო ინტერვალით – სეზონებს შუა ან შესვენების პერიოდებში);
  • ს.კ. თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: დმიტრო ზოზულიას, ოლექსანდრ ვეჩტომოვს,ილია რეხვიაშვილს, ნიკოლოზ, ჯიშკარიანსა და გიორგი ნადირაძეს  – 3 500 ლარი; ნიკა ქორიძესა და იგორ კირიენკოს 2 000 ლარი.

მკაცრი სანქციები გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის (საფეხბურთო კლუბის დაქვეთების ჩათვლით) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წინა წლებშიც განუხორციელებია.

მაგალითად, 2016 წლის თებერვალში, ხობის „კოლხეთისა“ და  ქედას „ბეთლემის“ მატჩის ვიდეოჩანაწერის გაცნობის შემდეგ, „ბეთლემის“ 4 მოთამაშეს და მწვრთნელის ასისტენტს სამუდამოდ აეკრძალათ ფეხბურთში მოღვაწეობა, კლუბი კი მოიხსნა თამაშებიდან, დაქვეითდა რანგით უფრო დაბალ დივიზიონში და დაეკისრა 50-ათასლარიანი ფულადი ჯარიმა.

მანამდე, 2015 წელს, გარიგებული მატჩისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი ლიგიდან მოკვეთა საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“.

კლუბებთან ერთად, “ჩაწყობილი თამაშებისთვის“, არაერთი ფეხბურთელიც დაისაჯა.

2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის საქმეზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. ესენი არიან: ყოფილი ფეხბურთელები ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., „ვიტჯორჯიას“ ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

ამდენად, პარლამენტის წევრის ანი წითლიძის მიერ ზემოთ მოყვანილი განცხადება („ფეხბურთის ფედერაციამ შერჩევითად გააგდო ზუგდიდის „დინამო“ მეორე ლიგიდან“), არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით