მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც „ფეისბუქს“, „ინსტაგრამს“ და „ვოთსაპს“ გარკვეული პრობლემები შეექმნა და რამდენიმე საათით გაითიშა, ფეისბუქ-სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ფეისბუქის“ სათავო ოფისში სამხედროები შეიჭრნენ და სერვერები დალუქეს“.

ფეისბუქ-მომხმარებლის მტკიცებით, „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ და „ვოთსაპის“ გათიშვა და ჩართვა საეჭვო ვითარებაში მოხდა.

„რამდენიმე საათის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, მხოლოდ მცირე შეფერხებებით. ვფიქრობ, „ფეისბუქის“ სათავო ოფისში სამხედროები შევიდნენ, სერვერები წაიღეს და დატოვეს შენობა. როდესაც „ფეისბუქმა“ შენობაზე კონტროლი აღიდგინა, სათადარიგო სერვერებზე გადართვა დაიწყო, ამ პროცესს კი რამოდენიმე საათი დასჭირდა. ახლა კი „ფეისბუქი“ ისევ ჩართულია, მაგრამ საკითხავია, რეალურად ვინ აკონტროლებს ახლა მას. ხალხო, დღეს გაცილებით დიდი რაღაც მოხდა“, – ვკითხულობთ პოსტში.

ფეისბუქ პოსტს 600-ზე მეტი გაზიარება აქვს.

გადამოწმებული: 1tv.ge

გავრცელებული ინფორმაცია USA Today-იმ გადაამოწმა.

„ფეისბუქი“ და მის დაქვემდებარებაში მყოფი სერვისები 4 ოქტომბერს, დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში იყო გათიშული. თუმცა, კომპანიის თქმით, გათიშვა არა სამხედროების კომპანიაში შეჭრამ, არამედ ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია.

პოსტის ავტორს არანაირი მტკიცებულება არ მოუყვანია საკუთარი ინფორმაციის გასამყარებლად.

„ფეისბუქის“ გათიშვის მეორე დღეს, აღდგენით სამუშაოებში მონაწილე თანამშრომლებმა დეტალურად აღწერეს პრობლემის წყარო.

კომპანიის ინჟინერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ გლობალური გათიშვა ყოველდღიური ტექნიკური შემოწმების დროს მოხდა. ამ დროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, გაუცნობიერებლად, ბრძანება დაწერა, რამაც „ფეისბუქის“ ქსელთან კავშირი გამორთო, ხოლო ხელსაწყომ, რომელსაც ასეთი მოულოდნელი შეცდომა უნდა აღმოეფხვრა, ეფექტურად არ იმუშავა.

„ფეისბუქის“ ინსფრასტრუქტურის ვიცე-პრეზიდენტის, სანტოშ ჯანარდანის თქმით, ინჟინერთა გუნდმა აღმოაჩა, რომ შეცდომის შემდეგ „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“ და „ვოთსაპი“ ამოიშალა დომენის სახელთა სისტემის სერვერებიდან, რომლებიც ერთგვარი „ტელეფონის ნომრების წიგნაკის“ ფუნქციას ასრულებენ.

ამან ორი პრობლემა წარმოშვა: პირველი – ინჟინერებს წვდომა არ ჰქონდათ მონაცემთა ცენტრებზე, რადგან ქსელი არ მუშაობდა და მეორე – პრობლემის აღმოსაფხვრელი „შიდა ხელსაწყოების” ფუნქციონირების გაჩერება.

ამდენად, სერვერები მუშაობდნენ, მაგრამ მათთან დაკავშირება შეუძლებელი იყო.

საბოლოოდ, ინჟინერებს მონაცემთა ცენტრის ლოკაციაზე მისვლა და სისტემებების ხელით გადატვირთვა მოუხდათ. სწორედ ამან წაიღო დიდი დრო.

„ფეისბუქის“ კომუნიკაციების მენეჯერმა განაცხადა, რომ კომპანიაში სამხედროების შეჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიყალბეა და ზუსტი მიზეზების გასაცნობად ჯანარდანის განცხადებაზე მიუთითა.

ამდენად, „ფეისბუქის“ და მის დაქვემდებარებაში მყოფი სერვისების გათიშვა გამოიწვია ადამიანურმა შეცდომამ და არა სამხედროების მიერ სერვერების დალუქვამ. შესაბამისად, ფეისბუქ-სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ფეისბუქის“ სათავო ოფისში სამხედროები შეიჭრნენ და სერვერები დალუქეს”, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით