„FBI-მ „პფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი დააკავა"

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 5 ნოემბერს, საიტმა ConservativeBeaver.com გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ „FBI-მ „პფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი თაღლითობის ბრალდებით დააკავა“. ვებ-გვერდი ასევე წერდა, რომ პოლიციამ მედიას მოთხოვა, ამ ფაქტზე თვალი დაეხუჭა.

„პფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა დააკავეს საკუთარ სახლში, მდიდრულ გარეუბანში, სკარსდეილში, ნიუ იორკში. იგი FBI-მ დააკავა თაღლიღობის მრავალი მუხლით. ბურლა საპატიმროშია და ელოდება გირაოს შესახებ სასამართლო მოსმენას. ამჟამად, ფედერალური აგენტები ახორციელებენ ბურლას სახლის და სხვა ქონებების ჩხრეკას. პოლიციამ მედიას მოთხოვა, რომ აღნიშნული ფაქტი არ გაეხმაურებინა. ეს მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა. Conservative Beaver-ი კანადიდან ოპერირებს და ამდენად, ის არ ემორჩილება ამერიკულ კანონებს“, – ვკითხულებთ სტატიაში.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

Snopes-ის მიხედვით, Conservative Beaver-ის საქმიანობა მოსაზრებების და კონსპირაციული შეთქმულებების გავრცელებით შემოიფარგლება და ინფორმაცია ალბერტ ბურლას დაკავების შესახებაც ამ კატეგორიაში გადის.

ვებ-გვერდმა აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა იმ დღეს, როდესაც ბურლა რამდენიმე ტელევიზიის ეთერში გამოჩნდა. ის 5 ნოემბერს CNN-ზე იყო მიწვეული „პფაიზერის“ მიერ შემუშავებულ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აბებზე სასაუბროდ.

იმავე დღეს ბურლა CNBC-ზეც გამოჩნდა.

 კონსპირაციული ვებ-საიტის მტკიცებით, ამბავი მედიაში იმიტომ არ მოხვდა, რომ პოლიციამ მედიას მოთხოვა, რომ ფაქტზე თვალი დაეხუჭა და ე.წ „მედია ბლექაუთი“ მოეწყო. სინამდვილეში, ამერიკულ მედიასივრცეში ფაქტის იგნორირება განაპირობა იმან, რომ ალბერტ ბურლა რამდენჯერმე გამოჩნდა პირდაპირ ეთერში და ამდენად, საჭირო აღარ გახდა Conservative Beaver-ის ინფორმაციაზე გამოხმაურება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, Conservative Beaver-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, „FBI-მ „პფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი დააკავა“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით