

მოწოდებული ინფორმაცია
ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად, ქვეყნებს შორის მგზავრთა რაოდენობა მატულობს. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ხელს უწყობს ქვეყნებს შორის გადაადგილების შეზღუდვების შემსუბუქებას. თუმცა, მკაცრი რეგულაციები მაინც არსებობს და მგზავრებს, ამჯერად, სხვა სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, კოვიდ-19-ის პასპორტიც მოეთხოვებათ.
„ანტიფეიკი“ დაინტერესდა, თუ რა სახის ახალი დამატებითი დოკუმენტაციაა აუცილებელი ევროკავშირისა და შენგენის წევრი სახელმწიფოების საზღვრების გადაკვეთისას.
გადამოწმებული: 1tv.ge
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის კოვიდ-19-ის პასპორტი ხელმისაწვდომი გახდება. ევროკომისიის მხრიდან ყველა პროცედურული საკითხი მოგვარებულია და ახლა ჯერი წევრ სახელმწიფოებზეა. ინფორმაციას ამის შესახებ schengenvisainfonews-მა გამოაქვეყნა.
ევროკავშირის კოვიდ-19-ის ვაქცინაციის პასპორტი/სერტიფიკატი ერთგვერდიანი დოკუმენტია, რომელიც გაიცემა, როგორც მატერიალური, ისე ციფრული ფორმატით. მგზავრის სტატუსის შესაბამისად, სამნაირი პასპორტი/სერტიფიკატი არსებობს: ვაქცინაციის პასპორტი; ტესტის სერტიფიკატი და გამოჯანმრთელების სერტიფიკატი. ასეთი საბუთის მქონე პირებს ევროპაში გადაადგილება ისეთი შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ, როგორიცაა კარანტინი ან ტესტირება ადგილზე, თუმცა, ისეთ ქვეყნებს, სადაც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია, ამ ნორმების დაწესება მაინც შეეძლებათ.
რას გულისხმობს ეს დოკუმენტები:
1. ვაქცინაციის პასპორტი – გაიცემა სრულად აცრილ იმ პირებზე, რომელთა ვაქცინაც დაშვებულია ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიერ და ესენია: Comirnaty (BioNTech, Pfizer); Moderna; Vaxzevria AstraZeneca, (Oxford); Janssen (Johnson & Johnson); პასპორტი, ვაქცინის დასახელების გარდა, შეიცავს ისეთ მონაცემებს, როგორებიცაა მათი მიღების თარიღები, დამამზადებლები და ა.შ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ასევე შეუძლიათ ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, დაუშვებენ თუ არა პირებს თავიანთ ტერიტორიაზე, თუ მათი მიერ მიღებული ვაქცინა არ არის დამზადებული ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიერ დაშვებული მწარმოებლის მიერ.
2.გამოჯანმრთელების სერტიფიკატი – კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პირებს ასევე აქვთ უფლება, იმოგზაურონ ევროკავშირის კოვიდის სამგზავრო სერტიფიკატით. ციფრული კოვიდ სერტიფიკატი ადასტურებს, რომ მისი მფლობელი გამოჯანმრთელდა SARS-CoV-2 ინფექციისგან, რომელიც ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. ამ სერტიფიკატის გაცემა შეიძლება მხოლოდ პირველი დადებითი ტესტიდან 11 დღის შემდეგ. თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ მხოლოდ ანტისხეულების ტესტის საფუძველზე მსგავსი სერტიფიკატი არ გაიცემა.
3. ტესტის სერტიფიკატი – გაიცემა ყველა იმ პირზე, რომელთაც ჩაუტარდათ PCR ან სწრაფი ანტიგენის ტესტირება და აქვთ უარყოფითი შედეგი. თითოეულ ჩატარებულ ტესტზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი და ამ მონაცემებში არ იქნება ნაჩვენები მანამდე ჩატარებული არცერთი ტესტი ან მისი შედეგი. იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირს ამ ეტაპზე არ აქვს დადგენილი დროის ერთიანი მონაკვეთი, თითოეულ წევრ ქვეყანას შეუძლია ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ მგზავრობამდე რამდენი ხნით ადრე უნდა ჩაიტაროს პირმა ასეთი ტესტირება.
რაც შეეხება თავად დოკუმენტს – ის არ გამოიყურება, როგორც ტრადიციული პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, არამედ წარმოადგენს ერთგვერდიან დოკუმენტს, რომლის ამობეჭდვა ან ციფრული გამოყენებაა შესაძლებელი. მათზე დატანილია უნიკალური QR კოდი და ინახავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, გამცემი სახელმწიფო, აცრის არსებობის შემთხვევაში – ვაქცინის მწარმოებელი და დოზების მიღების თარიღები, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ტესტის ტიპი, ტესტირების ცენტრის დასახელება და ტესტის აღების თარიღები. ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების შემთხვევაში – დადებითი ტესტის თარიღი, სერტიფიკატის გამცემის დასახელება, გაცემის თარიღი და მისი ვარგისიანობის ვადა.
რაც შეეხება ევროკავშირისა და შენგენის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ევროკავშირის და ან შენგენის ქვეყნებში, მათ ასევე შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი სამგზავრო კოვიდ-დოკუმენტი. ასევე იგეგმება სერტიფიკატის გაცემა არაწევრი სახელმწიფოების იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც მგზავრობენ ევროკავშირის ქვეყნებში. განიხილება ასევე არაწევრი ქვეყნების მიერ გაცემული ისეთი სერტიფიკატების მიღებაც, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გაიცა.
აღნიშნული რეგულაციები ძალაში 1 ივლისიდან შედის. 22 ივნისიდან ევროკავშირისა და შენგენის წევრი 18 ქვეყანა უკვე მზად არის, ამ სამი დოკუმენტიდან ერთ-ერთი გასცეს ან დაამოწმოს. რაც შეეხება კვიპროსს, საფრანგეთს, ირლანდიას, ჰოლანდიას, რუმინეთს, სლოვაკიას, სლოვენიას, შვედეთს, ლიხტენშტეინს, შვეიცარიასა და ნორვეგიას – მათ ტექნიკური მზაობა უკვე გააჩნიათ და მხოლოდ უნგრეთი და მალტა იმყოფებიან სისტემის ტესტირების რეჟიმში.
რაც შეეხება ქვეყნების შიგნით მოქმედ რეგულაციებს – თითოეული სახელმწიფო ამ რეგულაციებს ინდივიდუალურად აწესებს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე.