„ევროკავშირის ქვეყნები კიევიდან თავისი დიპლომატების სასწრაფო ევაკუირებას ახორციელებენ“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები სასწრაფო წესით ახორციელებენ უკრაინიდან დიპლომატების ევაკუირებას, რაც 10 ოქტომბერსა და მომდევნო დღეებში უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო დარტყმებს უკავშირდება.

თუმცა, რუსული მედია არაფერს ამბობს იმაზე, კონკრეტულად, ევროკავშირის წევრი რომელი ქვეყნები ახორციელებენ საელჩოების ევაკუირებას.

გადამოწმებული: 1tv.ge

გამოცემა „სტოპფეიკი“ ადასტურებს, რომ ამ დროისთვის, ევროკავშირის არც ერთი ქვეყნის საელჩოს კიევი არ დაუტოვებია. პირიქით, სოციალურ ქსელებში, თავიანთ ოფიციალურ გვერდებზე ელჩები აცხადებენ, რომ საჰაერო იერიშის დროს ისინი, უამრავ უკრაინელთან ერთად, თავშესაფარში იმყოფებოდნენ.

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში, ანკა ფელდჰუსენმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ 10 ოქტომბერს, კიევზე სარაკეტო თავდასხმის დროს, ის ასობით კიეველთან ერთად, მეტროსადგურის თავშესაფარში იმყოფებოდა. TSN-ის საინფორმაციო გადაცემის კომენტარში ანკა ფელდჰუსენმა განმარტა, რომ პირველი სარაკეტო დარტყმის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა და იძულებული გახდა, მეტროში დარჩენილიყო ხუთი საათის განმავლობაში.

გერმანიის ელჩმა „ТСН“-ის საინფორმაციო გამოშვებაშიც აღნიშნა, რომ პირველი სარაკეტო დარტყმების ადგილთან ახლოს იმყოფებოდა და იძულებული გახდა, ხუთი საათის განმავლობაში მეტროში დარჩენილიყო.

კიევზე სარაკეტო თავდასხმების დროს, ის შენობაც დაზიანდა, სადაც გერმანიის საელჩოს სავიზო განყოფილება მდებარეობს. თუმცა, საელჩოს ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, დიპლომატიური უწყება ამ ოფისით აღარ სარგებლობდა.

TSN-თან ინტერვიუში, ანკა ფელდჰუსენმა დაადასტურა, რომ დაბომბვისას არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა და გერმანიის საელჩო აგრძელებს კიევში მუშაობას.

რუსეთის სარაკეტო იერიშის დროს კიევში იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში მელინდა სიმონსიც. თავის „ტვიტერზე“ მან აღნიშნა, რომ საელჩოს თანამშრომლები კარგად არიან. „ჩემი ფიქრები დაჭრილებთანაა. დიდი მადლობა უკრაინელებს, რომლებსაც პირველად დახმარებას უწევენ“, – წერს ელჩი.

მელინდა სიმონსმა კიევის დაბომბვის მეორე დღეს, 11 ოქტომბერსაც დაადასტურა, რომ საელჩო კიევში იმყოფებოდა და მუშაობას განაგრძობს.

პოლონეთის ელჩმა კიევში ბარტოშ ჩიხოცკიმ ასევე დაადასტურა რადიო RMF24-ის ეთერში, რომ უკრაინაში იმყოფება და საელჩო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

კიევიდან ევაკუაციას არც უკრაინაში საფრანგეთის საელჩო აპირებს. „საელჩო რჩება და დარჩება კიევში, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ემსახუროს ფრანგ ხალხს, ისევე როგორც საფრანგეთ-უკრაინის ურთიერთობებს“, – ნათქვამია უკრაინაში საფრანგეთის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.

კიევში რჩებიან უკრაინის სხვა პარტნიორ ქვეყნების საელჩოებიც. უკრაინაში აშშ-ის საელჩო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსული დაბომბვის მიუხედავად, აგრძელებენ კიევში მუშაობას. უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის თქმით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმების მორიგი ტალღის შემდეგ, საელჩოში მომუშავე ამერიკელი დიპლომატები ახლა უსაფრთხოდ არიან.

„მადლობა ყველას, ვინც გამოეხმაურა და მუშაობს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. კიევსა და მთელ უკრაინაში მსხვერპლთა გამო, ტკივილისგან გული მისკდება“, – წერს ბრიჯიტ ბრინკი „ტვიტერზე“.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება ამბობს, რომ მუდმივ კონტაქტშია პარტნიორებთან, რათა „რუსეთის თავდასხმებზე გადამწყვეტი პასუხის კოორდინირება მოახდინოს“.

ამდენად, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ევროკავშირის ქვეყნები კიევიდან თავისი დიპლომატების სასწრაფო ევაკუირებას ახორციელებენ“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით