მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 6 მარტს, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირი) მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს გამოეხმაურა.

შალვა ნათელაშვილი ამ ანგარიშს „დანაშაულებრივ დოკუმენტს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „გამოსაძიებელია მაგის დამწერთა საქმიანობა, აქ რომ ჩამოვიდნენ, რომელ რესტორანში ქეიფობდნენ და რამდენი ანგარიში წავიდა მათ სახელზე ოფშორებში“.

„საერთოდ, ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო. მათი კომისიები 30 წელია, დაკავებული არიან კორუფციით, აქ ჩამოდიან ფულის საკეთებლად… მათ ფეხებზე კიდიათ საქართველოში დემოკრატიის განვითარება“, – აღნიშნავს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე.

გადამოწმებული: 1tv.ge

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირი) 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისია 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შედგებოდა.

დამკვირვებლები თვალყურს ადევნებდნენ საარჩევნო პროცესის ისეთ ფუნდამენტურ ასპექტებს, როგორებიცაა – კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი, წინასაარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობა, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება და საარჩევნო დავების გადაწყვეტა.

წინასაარჩევნო პერიოდში, უშუალოდ არჩევნების პროცესში და არჩევნების შემდგომ პერიოდში ეუთო/ოდირ-ის მისიის მიმართ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე არცერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან არანაირი პრეტენზია არ გამოთქმულა და მათ ობიექტურობაში არავის შეუტანია ეჭვი. მით უფრო, – არ გაუკეთებიათ რაიმე განცხადება, არ წარმოუდგენიათ არანაირი არგუმენტი და მტკიცებულება კორუფციაში მისიის დასადანაშაულებლად.

ეუთო/ოდირ-ის მისიის მიმართ არანაირი პრეტენზია არც მის მიერ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასების გამოქვეყნების (2020 წლის 1 ნოემბერი) შემდეგ  გამოთქმულა.

საერთოდ, ეუთო/ოდირ-ის მისიის წევრთა გამოცდილება, პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და მაღალი რეპუტაცია საქართველოში არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ.

შესაბამისად, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადება („ეუთო/ოდირის დასკვნა არის დანაშაულებრივი დოკუმენტი… აქ ჩამოვიდნენ ფულის საკეთებლად… გამოსაძიებელია, ოფშორებში რამდენი ჩაერიცხათ“) არის აბსურდი, მითუმეტეს, რომ მას, თავისი ბრალდებების დასასაბუთებლად, არანაირი არგუმენტი არ დაუსახელებია.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით