მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 29 ოქტომბერს, ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“, თითქმის ერთდროულად (შესაბამისად, 12:07 და 12:06 საათი), გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში  იდენტიფიცირებული პირი, ბადრი ესებუა 2 დღის წინ ზუგდიდის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდებოდა.

„მთავარი არხის“ მტკიცებით, აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი ფოტოები მან ექსკლუზიურად, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის წყაროსგან მოიპოვა.

რაც შეეხება „ფორმულას”, მისი განცხადებით, „საგამოძიებო უწყებიდან კონფიდენციალური წყაროს“ მიერ მიწოდებულ მასალაზე, სავარაუდოდ, ბადრი ესებუაა გამოსახული. „ვიდეოში არ ჩანს, თუ რომელ ქალაქშია იგი, თუმცა ერთ-ერთ კადრში ვხედავთ, რომ მას ხელში ნივთები უჭირავს და ითვლის“, – აცხადებს „ფორმულა.

 

 

გადამოწმებული: 1tv.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ეს არის საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებული არასწორი ინფორმაცია.

„ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ „ბადრი ესებუას ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას“.

თავის მხრივ, ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული კადრები ორი დღის წინ გადაღებული არ არის. მან ჟურნალისტებს სახლიდან ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გამოუტანა, რომელიც, მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ბადრი ესებუას აცვია.

„ორი დღის უკან ეს ტანსაცმელი და ეს ბოტასი ეცვაო, ესენი კი აქ არის. ეს ხომ არის ტყუილი“,- განუცხადა ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს.

ამდენად, 2020 წლის 29 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში  იდენტიფიცირებული პირი, ბადრი ესებუა 2 დღის წინ ზუგდიდის ქუჩებში გადაადგილდებოდა, არის სიყალბე. რაც შეეხება, „ფორმულას“ მიერ ამავე თემის გაშუქებას, ის არ წარმოადგენს ფაქტის უტყუარ ჭეშმარიტებად წარმოჩენას და „სავარაუდო“ ვერსიად არის დასახელებული.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით