„ენერგოკრიზისის გამო, გერმანელებმა ბერლინის პარკში თითქმის ყველა ხე შეშად დაჭრეს“

მოწოდებული ინფორმაცია

რუსული მედია („რია ნოვისტი“, „პრავდა.რუ“ და სხვა) ავრცელებს ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ენერგოკრიზისის გამო, გერმანელებმა ბერლინის პარკში თითქმის ყველა ხე შეშად დაჭრეს“.

„შეშაზე მზარდი ფასების ფონზე, ბერლინის მცხოვრებლებმა ტირგარტენის პარკში თითქმის ყველა ხე მოჭრეს. ახლა, როცა მოსაჭრელი მეტი არაფერია, გერმანელები ცხენის ნაკელის საწვავად გამოყენებაზე ფიქრობენ“, – წერს „პრავდა.რუ“.

„ენერგეტიკული კრიზისის გამო სასოწარკვეთილი ევროპელები გასათბობად მსოფლიოს უძველეს საწვავს უბრუნდებიან. ბერლინში კრიზისი ქმნის მეორე მსოფლიო ომისშემდგომი გაპარტახების შემაშფოთებელ გამოძახილს, როდესაც მოსახლეობამ საწვავის დეფიციტის გამო, ტირგარტენის ცენტრალურ პარკში თითქმის ყველა ხე მოჭრა გასათბობად. მოსახლეობა ცხენის ნაკელის საწვავად გამოყენებითაც დაინტერესდა“, – აცხადებს „რია ნოვოსტი“.

ამ ინფორმაციის პირველწყაროდ რუსული გამოცემები სააგენტო „ბლუმბერგს“ ასახელებენ.

გადამოწმებული: 1tv.ge

„ბლუმბერგის“ მასალაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ გერმანელებმა ბერლინის ცენტრალურ პარკში თითქმის ყველა ხე მოჭრეს. სააგენტოს სტატიაში მხოლოდ ის წერია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელები, მართლაც ჭრიდნენ ხეებს ტიერგარტენის პარკში, შეშის მარაგის შესაქმნელად.

„თუმცა, ახლა ბერლინელები ასეთ უკიდურესობამდე აღარ მიდიან, ისინი ყიდულობენ შეშას, როგორც ზამთარში საწვავის ალტერნატიულ წყაროს, იტყობინება „ბლუმბერგი“.

ასე რომ, რუსულმა გამოცემებმა 1945 წლის მოვლენები ახალ ამბად აქციეს. ბერლინის ცენტრალური პარკი კი ახლაც ისევე გამოიყურება, როგორც თუნდაც რამდენიმე თვის წინ – აქ არსებული ხეები ხელუხლებელი რჩება.

ტირგერტენი არის უზარმაზარი პარკი ბერლინის ცენტრში, 210 ჰექტარი ფართობით. ის წარმოადგენს საპარკო ხელოვნების ძეგლს, რომელსაც სახელმწიფო იცავს. ამდენად, ასეთი ღირშესანიშნაობის განადგურება თუნდაც გაყინული დედაქალაქის გასათბობად – მართლაც წარმოუდგენელი ამბავია.

თუმცა, ცხენის ნაკელი ლარს პაულსონის და ჯოზეფინა ფოკულის სტატიაში ერთხელ ნამდვილად არის ნახსენები.

„შეშის გამოყენების გამოცდილების ნაკლებობაა გერმანიაში, სადაც ბუხრის მწმენდელთა ასოციაცია უამრავ შეკვეთას იღებს ახალი და ძველი ღუმელების ამუშავებაზე. მომხმარებლები სვამენ კითხვებს ცხენის ნაკელისა და სხვა ნაკლებად ცნობილი საწვავის შესახებ“, – წერენ „ბლუმბერგის“ სტატიის ავტორები.

მართალია, გერმანიაში ენერგომატარებლები გაძვირდა და ამ ფონზე, ჩნდება ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების ახალ-ახალი იდეები, მაგრამ ბერლინში ნამდვილად არ არის საკმარისი ცხენები, მათი ნაკელით, უამრავი შენობის გასათბობად.

გარდა ამისა, გერმანული მედიის ბოლო ინფორმაციით, გერმანიის გაზის საცავები უკვე 95%-ით არის სავსე. ეს მაჩვენებელი ადრე დასახულ გეგმიურ მაჩვენებელსაც კი აღემატება. ამდენად, რუსული შანტაჟის ნარატივი იმის თაობაზე, რომ ევროპელები ამ ზამთარს რუსული გაზის გარეშე გაიყინებიან, უსაფუძვლოდ გამოიყურება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსულ მედისაშუალებებში („რია ნოვისტი“, „პრავდა.რუ“…) გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ენერგოკრიზისის გამო, გერმანელებმა ბერლინის პარკში თითქმის ყველა ხე შეშად დაჭრეს“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით