მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 17 აგვისტოს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კოვიდვითარების ფონზე, ხელისუფლება კოვიდ-19-ის სამკურნალო მედიკამენტზე უარს ამბობს“.

„ჯანდაცვის სამინისტრომ ისრაელში შექმნილი პრეპარატი დაიწუნა და მის გამოყენებაზე უარი თქვა. არადა, მძიმე პაციენტებში პრეპარატის ეფექტურობა, ისრაელის გარდა, საბერძნეთშიც გამოსცადეს“, – აცხადებს ტელეკომპანია „მთავარი არხი.

„ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ ეს პრეპარატი საქართველოში შემოგვეტანა, მაგრამ ეკატერინე ტიკარაძის უწყება გამაოგნებელ გადაწყვეტილებას იღებს და იწუნებს ისრაელში შექმნილ პრეპარატს, რომელიც კოვიდ 19-ისგან კურნავს“, – აღნიშნავს ტელეკომპანია „მთავარი არხი“. მისივე თქმით, „ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ იერუსალიმიდან ჩამოტანილმა დაკუმენტაციამ, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ, მათში ნდობა არ გამოიწვია“.

გადამოწმებული: 1tv.ge

israel21c.org-ის ინფორმაციით, EXO-CD24 ექსპერიმენტული მედიკამენტია, რომელიც პროფესორმა ნადირ არბერმა შექმნა ტელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრში. მედიკამენტის მთავარი დანიშნულება ციტოკინური შტორმის შეჩერებაა, რომელიც კოვიდ-19-ის პაციენტების 5-7 პროცენტში ვითარდება.

მედიკამენტის კლინიკური კვლევების პირველი ფაზის შედეგები თებერვალში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, კვლევაში მონაწილე30 პაციენტიდან ყველა სრულად გამოჯანმრთელდა და 29 მათგანმა საავადმყოფო მედიკამენტური მკურნალობის დაწყებიდან 3-5 დღეში დატოვა.

5 აგვისტოს კი, სამედიცინო ცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საბერძნეთში ჩატარებული კლინიკური ცდების მეორე ფაზაც ასევე წარმატებით დასრულდა. მასში მონაწილეობდა 90 მძიმედ დაავადებული პაციენტი, რომელთა 93-მა პროცენტმა, EXO-CD24-ის მიღებიდან 5 დღეში, საავადმყოფო სრულად გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

ამ დროისთვის მედიკამენტი კლინიკური ცდების მესამე ფაზას გადის. ცდების ფარგლებში, ისრაელის მასშტაბით, 155 პაციენტი მონაწილეობს. მათი 2/3 EXO-CD24-ს მიიღებს, ხოლო 1/3 – პლაცებოს.

მედიკოსების ვარაუდით, კლინიკური ცდები 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც მედიკამენტი საბოლოო ავტორიზაციაზე შეავსებს განაცხადს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ისრაელში შექმნილი პრეპარატ EXO-CD24 კოვიდ 19-ისგან კურნავს“, არის საყალბე, იმის გათვალისწინებით, ამ პრეპარატის კლინიკური კვლევები ჯერ დასრულებული არ არის და მას ავტორიზაცია არ გააჩნია.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით