მოწოდებული ინფორმაცია

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, თავის „ტელეგრამ-არხზე“, გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ე.წ ლენდ-ლიზის პროგრამის დამტკიცების შესახებ.

დუმის სპიკერმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საბჭოთა კავშირისთვის გათვალისწინებული ანალოგიური პროგრამა გაიხსენა და ის უკრაინაში დღეს არსებული სიტუაციის კონტექსტში განიხილა.

„ამერიკის კონგრესმა უკრაინისთვის ლენდ-ლიზის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ვაშინგტონის მოტივი გასაგებია. ლენდ-ლიზი ამერიკურ სამხედრო კორპორაციებს მოგების რამდენჯერმე გაზრდის საშუალებას მისცემს. ასე იყო მეორე მსოფლიო ომის დროსაც. დაფიქრდით: საბჭოთა კავშირმა აშშ-დან შეიარაღება ლენდ-ლიზით მიიღო. ამის შესახებ საუბრობდნენ, როგორც მოკავშირეების დახმარებაზე. ჩვენს ქვეყანას ფაშიზმისგან მსოფლიოს ხსნა ძვირად დაუჯდა – 27 მილიონი ადამიანი დაგვეღუპა. ვალს ვაბრუნებდით, მრავალი წლის განმავლობაში თავს ვიზღუდავდით, რადგან ამ ვალის ანგარიშსწორებას ვახდენდით პლატინით, ოქროთი, ხე-ტყით, უფასოდ ვარემონტებდით  ამერიკულ გემებს და ა.შ. ვალის გადახდა მხოლოდ დიდი გამარჯვებიდან მხოლოდ 61 წლის შემდეგ, 2006 წელს, დასრულდა! ლენდ-ლიზი სასაქონლო კრედიტია, თან არც ისე იაფი: შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული ყველა საბრძოლო მასალის, აღჭურვილობისა და საკვების საფასურს უკრაინის მოქალაქეების არაერთი მომავალი თაობა გადაიხდის. ზელენსკი უკრაინას ვალების ორმოში აგდებს“, – წერს თავის „ტელეგრამ-არხზე“ ვიაჩესლავ ვოლოდინი.

გადამოწმებული: 1tv.ge

რუსეთის დუმის სპიკერი საუბრობს ლენდ-ლიზის შედეგად წარმოშობილ „უზარმაზარ ვალზე“, თუმცა, არაფერს ამბობს იმაზე, რომ ვალი უკრაინას მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გადასახდელი, თუ ომის შემდეგ ოფიციალური კიევი მოისურვებს ლენდ-ლიზით მიღებული აღჭურვილობის თავის საკუთრებაში დატოვებას. ამასთან, საომარი ქმედებების შედეგად დაზიანებული და განადგურებული აღჭურვილობები ჩამოიწერება, ანუ, მასში უკრაინა არანაირ საფასურს არ გადაიხდის.

რაც შეეხება რუსეთს, ლენდ-ლიზით გათვალისწინებული ვალები მან 2006 წელს გაასწორა, თუმცა თანხა სრული სახით არ დაუბრუნებია. ჩამოუწერელი სამოქალაქო ტექნიკა და აღჭურვილობა შეფასებული იყო 2,6 მილიარდ დოლარად. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ ეს თანხა თითქმის ორჯერ შეამცირა, საბჭოთა კავშირი მხოლოდ 170 მილიონი დოლარის გადახდაზე აცხადებდა თანხმობას. მხარეები შეთანხმებამდე 1972 წელს მივიდნენ: გადაწყდა, რომ საბჭოთა კავშირს შეერთებული შტატებისთვის 722 მილიონი დოლარი გადაეხადა.

1972-73 წლებში საბჭოთა კავშირმა ვალის გასტუმრება დაიწყო და პირველ ჯერზე 48 მილიონი დოლარი გადაიხადა, რის შემდეგაც ვალის გადახდა შეწყვიტა. ამის მიზეზი გახდა აშშ-ის მიერ ე.წ „ჯექსონ-ვენიკის შესწორების“ მიღება, რომელიც საბჭოთა კავშირისთვის ვაჭრობაში დისკრიმინაციული ზომების დაწესებას ითვალისწინებდა. საბჭოთა კავშირის მიერ საპასუხოდ მოხდა ვალების გადახდის „გაყინვა“, რომელიც 1990 წელს მხარეებს შორის ახალი შეთანხმების გაფორმებით დასრულდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მისმა სამართალმემკვიდრემ – რუსეთმა, 1993 წელს, მთლიანად აიღო თავის თავზე ლენდ-ლიზის ვალის დაფარვის ვალდებულება და ეს პროცესი 2006 წელს საბოლოოდ დასრულდა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებები ე.წ ლენდ-ლიზის პროგრამასთან დაკავშირებით, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით