„ძაღლებმა ყნოსვით Covid-19-ით ინფიცირებულები 94%-იანი სიზუსტით ამოიცნეს - კვლევა“

მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 28 ივლისს, formulanews.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, გერმანელი მკვლევრების  მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, ძაღლებს ყნოსვით კორონავირუსული ინფექციის ამოცნობა შეუძლიათ.

„ჰანოვერის სავეტერინარო მედიცინის ინსტიტუტი, სამხედრო ძალებთან თანამშრომლობით ჩატარებული კვლევის საფუძველზე ირწმუნება, რომ ძაღლებს ყნოსვით ჯანმრთელი ადამიანისა და Sars-Cov-ით ინფიცირებულთა ნერწყვის გარჩევა 94%-იანი სიზუსტით შეუძლიათ… კვლევის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე უნდა შემოწმდეს, თუ რამდენად აქვთ ძაღლებს უნარი, ყნოსვით Covid-19-ით ინფიცირებულები სხვა ვირუსული ინფექციით დაავადებული პირებისაგან განასხვაონ. ინსტიტუტის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ მალე საჯარო სივრცეებში კორონავირუსზე ადამიანების შემოწმება ძაღლების გამოყენებით იქნება შესაძლებელი,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

გადამოწმებული: 1tv.ge

2020 წლის 28 ივლისს formulanews.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა, რომლის თანახმად, გერმანელი მკვლევრების  მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ძაღლებს ყნოსვით კორონავირუსული ინფექციის ამოცნობა შეუძლიათ, გერმანული წყაროებით დასტურდება.

„ჩრდილოეთ გერმანიის რადიოს“ (Norddeutscher Rundfunk) ცნობით, 8 ბელგიურ ნაგაზს ჩაუტარდა ერთკვირიანი ტრენინგი, რომლის დასრულების შემდეგ, მათ საკმაოდ ზუსტად მოახერხეს კორონავირუსით ინფიცირებულების აღმოჩენა.

„კვლევის წარმომადგენლებმა ერთი კვირის განმავლობაში გაწრთვნილ რვა ძაღლს 1 000 ჯანმრთელი და ინფიცირებული ადამიანის ნერწყვი აყნოსინეს.  ძაღლებმა ინფიცირებული პირები 94%-იანი სიზუსტით ამოიცნეს. კვლევის შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია. ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნას ისეთ ადგილებში, როგორიცაა აეროპორტები, სპორტული ღონისძიებები და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილები, რათა არ მოხდეს კორონავირუსის შემდგომი გავრცელება“, – აცხადებს „ჩრდილოეთ გერმანიის რადიო.“

ამავე თემის შესახებ საკმაოდ ვრცელ მასალას აქვეყნებს აგრეთვე ჟურნალი „BMC ინფექციური დაავადებები“ (BMC Infectious Diseases).

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, formulanews.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ძაღლების მიერ ყნოსვით კორონავირუსის ამოცნობის მიზნით ჩატარებული კვლევების შესახებ, არის სიმართლე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით