

მოწოდებული ინფორმაცია
2022 წლის 20 თებერვალს, ვებ-გვერდმა „საქართველო და მსოფლიო“ (geworld.ge) გამოაქვეყნა სტატია სათაურით, „დოპინგ-სკანდალი დადგმული სპექტაკლია“, რომელიც პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე გამარჯვებული რუსი ფიგურული მოციგურავის, კამილა ვალიევას დადებით დოპინგ-ტესტს შეეხება.
„ვალიევას დოპინგ-სკანდალი დადგმული სპექტაკლია და აი რატომ:
- რუსი სპორტსმენების ყველა ნაკრებს ყველაზე ხშირად და ზედმიწევნით ამოწმებენ. კონტროლი ტოტალურია;
- ვალიევა რუსეთის მთავარი საექსპორტო პროდუქტია. უმწიკვლო გოგონა;
- საინფორმაციო ომში გამარჯვებისთვის არაფერია იმაზე უკეთესი, რომ აჩვენო: “ოქროს მედალის” გამო რეჟიმი მზად არის, მშვენიერი ბავშვიც კი გააწამოს;
- ოლიმპიადაზე მიმდინარეობს საინფორმაციო ომი. მისი საშუალებაა, მაგალითად, გახსნის ცერემონიაზე NBC-ის დიქტორის სიტყვები ასიათასობით სამხედრო პირის შესახებ, რომლებსაც ალყაში ჰყავთ უკრაინა. ამას ემატება “ბლუმბერგის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე;
- ვალიევას შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ბრიტანული გამოცემა Insaide the Games-ის მთავარმა რედაქტორმა დანკინ მაკეიმ. ის, აგრეთვე, თანამშრომლობს NBC-სთანაც;
- პრეპარატი ტრიმეტაზიდინი, რომელიც სპორტსმენს ვერ ეხმარება შედეგის მიღწევაში და, ფაქტობრივად, კარდიოვიტამინია, თითქოს დეკემბერში აღებულ სინჯში აღმოაჩინეს ძალიან მცირე რაოდენობით;
- დეკემბრიდან მოყოლებული WADA-ში ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ჩუმად იყვნენ, მათ დაუშვეს ვალიევა ოლიმპიადაზე და ამით რუსეთს საშუალება არ მისცეს, ის შეეცვალათ სხვა სპორტსმენით, ამასთანავე, კამილას უფლება მისცეს, ტურნირი მოეგო;
- ე.წ. მხილების კონცერტი დაჯილდოების ცერემონიამდე კარგა ხნით ადრე იყო დაგეგმილი _ სინჯში აკრძალული პრეპარატის გამოვლენიდან 2 თვის შემდეგ;
- ე.წ. მხილების კონცერტმა სტარტი აიღო უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიო ლიდერების დაძაბული მოლაპარაკებებისა და აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან რუსეთის ურთიერთობის გამწვავების ფონზე;
- ასე რომ, ეს ან რუსეთის დასავლელი პარტნიორების სპეცოპერაციაა, ან ვიღაცის პირადი შეტევა ვალიევაზე პრეპარატის ჩაყრით. ეს პრეპარატი პლაცებოა. მის მიღებას ვალიევასთვის აზრი არ ჰქონდა, ყველა დოპინგ-სინჯი, გარდა დეკემბრისა, სუფთა იყო. ყველაფერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტს“, – წერს ვებ-გვერდი „საქართველო და მსოფლიო“.
გადამოწმებული: 1tv.ge
დიდი ბრიტანეთის ანტი-დოპინგური სააგენტო განმარტავს, რომ სპორტსმენის ტესტირება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შეიძლება, ხოლო თუ ვინ შეიძლება დაიტესტოს, განისაზღვრება სპორტსმენზე რეგულარული დაკვირვებით და დოპინგის მიღების რისკების გაანალიზების შედეგად. იქიდან გამომდინარე, რომ წარსულში რუსეთის ნაკრების წევრები შემჩნეულნი არიან დოპინგის მიღებაში, გასაკვირი არ არის, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტო (WADA) რუსი სპორტსმენების რეგულარულად დატესტვას ანხორციელებს.
2016 წელს გასაჯაროვდა WADA-ს გამოძიების შედეგები, რომლის მიხედვითაც რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული „დოპინგის პროგრამა” რუს სპორტსმენებს დოპინგის მიღების და ამ ფაქტის დამალვის საშუალებას აძლევდა. ამის გამო, რუს სპორტსმენებს აეკრძალათ 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე მძლეოსნობის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. 2019 წელს კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთი 4 წლის მანძილზე ვერ შეძლებდა ოლიმპიადებზე თუ სხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას. ამასთან, 2017 წლიდან დღემდე, მოპოვებული მედლები ჩამოერთვა ათობით რუს სპორტსმენს. მათ შორისაა კერლინგისტი ალექსანდრ კრუშენლნიცკი და სიმაღლეში მხტომელი ივან უხოვი.
უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური ტესტირების გავლის შემდეგ, რუს სპორტსმენებს 2018 წლის ზამთრის, 2020 წლის ზაფხულის და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აკრძალული ჰქონდათ რუსეთის სახელით გამოსვლა და ისინი „რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის“ ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობდნენ.
ოლიმპიური მედლების ჩამორთმევით და სპორტული ასპარეზობიდან მოკვეთით მხოლოდ რუსი სპორტსმენები არ ისჯებიან. მაგალითად, 2022 წლის 18 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ 4×100 მეტრზე ამანათრბენში მოასპარეზე დიდი ბრიტანეთის მთელ გუნდს ჩამოერთვა ტოკიოში მოპოვებული ვერცხლის მედალი, ერთ-ერთი სპორტსმენის სიჯეი იუჯას დადებითი დოპინგ-ტესტის გამო. ასევე, ცნობილი ფაქტია 2020 წლის ოლიმპიადაზე კანაბის მოხმარების გამო ამერიკელი შაკარი რიჩარდსონის დისკვალიფიკაცია…
BBC-ის მიხედვით, ტრიმეტაზიდინს, რომელიც კამილა ვალიევას ორგანიზმში აღმოჩნდა, პაციენტები სტენოკარდიის (უეცრად განვითარებული ტკივილის შეტევები გულმკერდში, რომელიც გამოწვეულია მიოკარდის სისხლით მომარაგების მწვავე უკმარისობით) შემთხვევებში იღებენ და მისი გამოყენება სპორტსმენებისთვის აკრძალულია შეჯიბრებებისგან თავისუფალ დროსაც კი.
ის განეკუთვნება კლასს, რომლის საერთაშორისო სიმბოლოა S4 და მასში გაერთიანებულია ჰორმონები და მეტაბოლიზმის მარეგულირებელი ნივთიერებები. S4 ერთ-ერთი ყველაზე მკაცრ კონტროლს დაქვემდებარებული ჯგუფია. ამ ჯგუფის ნივთიერებათა გამოყენებისთვის სპორტსმენს ძირითადად 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ თავად კამილა ვალიევას მხარე არ უარყოფს ამ ნივთიერების გამოყენების შესაძლებლობას, თუმცა, ერთობ უცნაურ და საეჭვო ვერსიას ასახელებს: პროცესის დროს მისმა დედამ, ალსუმ და ადვოკატმა ანა კოზმენკომ განაცხადეს, რომ კამილას ბაბუამ იმავე ჭიქიდან დალია, რომლიდანაც თვითონ კამილა სვამდა ხოლმე და სწორედ ასე აღმოჩნდა ვალიევას ორგანიზმში ხსენებული ტრიმეტაზიდინი, რომელსაც ბაბუა იღებდა.
ტყუილია „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული მტკიცებაც, თითქოს, WADA ოლიმპიადის დაწყებას ელოდებოდა, რათა ვალიევას დოპინგ-ტესტის პასუხი გამოექვეყნებია და ამით რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის ზიანი მიეყენებია. Vanity Fair-ის მიხედვით, მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტო აცხადებს, რომ რუსეთის ანტი-დოპინგურმა სააგენტომ შვედეთის ლაბორატორიაში გასაგზავნი ვალიევას ტესტის ნიმუში (რომელიც დეკემბერში აიღეს) „პრიორიტეტულად“ არ მონიშნა და ტესტის პასუხის დაგვიანებაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.
„საქართველო და მსოფლიომ“ სტატია 20 თებერვალს გამოაქვეყნა, მაგრამ, ცხადია, რომ ის 15 თებერვლამდეა დაწერილი, რადგან მასში არ წერია, რომ ყველაფრის მიუხედავად, კამილა ვალიევას სხვა ოლიმპიურ სახეობაში გამოსვლის უფლება მიეცა, მისი მცირეწლოვნობის გათავლისწინებით.
რაც შეეცება „საინფორმაციო ომის“ შესახებ სტატიაში გავრცელებულ ინფორმაციას:
4 თებერვალს, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას NBC-ზე ჟურნალისტი სავანა გათრი და სპორტული კომენტატორი მაიკ ტირიკო უძღვებოდნენ. უკრაინის ნაკრების გამოჩენისას, გათრიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ყურადღებით აკვირდება უკრაინაში არსებულ სიტუაციას და შეუძლებელია, სპორტსმენებიც არ ფიქრობდნენ თავიანთ სამშობლოზეო. მოგვიანებით, გათრიმ სიტყვა „ბლუმბერგის“ რედაქტორს ენდი ბრაუნს გადასცა, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო შეჭრასა და რუსეთი-ჩინეთის თანამშრომლობაზე ისაუბრა. მაგრამ, მის გამოსვლაში მთავარი საკითხი მაინც ჩინეთი და ამ ქვეყანაში ოლიმპიადის ჩატარების გარშემო არსებული სკანდალები და პროტესტი იყო. ბრაუნის გარდა, NBC-ის ჩინეთის თემაზე სასაუბროდ ანალიტიკოსი ჯინგ ცუც ჰყავდა მიწვეული…
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვებ-გვერდ „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის სათაური („დოპინგ-სკანდალი დადგმულია სპექტაკლია“) და თავად სტატიაში მოყვანილი არგუმენტები არის სიყალბე.