

მოწოდებული ინფორმაცია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ლიზ ტრასის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსულ მედიაში („ახალი ამბების ფედერალური სააგენტო“ – ФАН, „ვზგლიად – Взгляд“ და სხვა) გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „დიდ ბრიტანეთში უახლოეს დღეებში სამხედრო გადატრიალება იგეგმება“.
„10 დღის განმავლობაში, თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრ ბენ უოლესს, სავარაუდოდ, სურს დაიკავოს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სავარძელი. თუმცა, „საწყალი ლიზი“ (ბრიტანეთის აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი) ჯერ არ არის გაშვებული“, – აცხადებენ ФАН-ი და Взгляд-ი.
აღნიშნული გამოცემები ინფორმაციის პირველწყაროდ ბრიტანულ Daily Express-ს ასახელებენ.
გადამოწმებული: 1tv.ge
„დეილი ექსპრესის“ სტატიაში საერთოდ არაფერია ნათქვამი დიდ ბრიტანეთში მოსალოდნელი სამხედრო გადატრიალების შესახებ.
პუბლიკაციის სათაურია „ბენ უოლესი „საგანგებო პრემიერ-მინისტრად“ დაინიშნა, რადგან ლიზ ტრასს 10 დღე ეძლევა პრემიერის სავარძლის გადასარჩენად“. მასში საუბარია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, მისი შემცვლელის სავარაუდო კანდიდატურებზე.
დიდი ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოწვეულია გადასახადების შემცირების პროგრამის („ზრდის გეგმა 2022“) ჩავარდნით, რომლის განხორციელებას ლიზ ტრასი მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე შეუდგა. ტრასის გეგმამ მარცხი განიცადა და ფუნტის დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმამდე დაცემა, აგრეთვე სამთავრობო ობლიგაციებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. 28 სექტემბერს, დარტყმის ქვეშ მყოფი ბაზრის სტაბილიზაციისა და კერძო საპენსიო ფონდების დასაცავად, ინგლისის ბანკი იძულებული გახდა, სასწრაფო ინტერვენცია გამოეცხადებინა.
ეკონომიკური რყევებისა და ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის რეიტინგის დაცემის გამო, ლიზ ტრასის თანაპარტიელები პრემიერის გადადგომის საჯარო მოწოდებებით გამოვიდნენ. რადგან კონსერვატორები ინარჩუნებენ უმრავლესობას პარლამენტში, მათ უფლება აქვთ, შიდაპარტიული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, ახალი ლიდერი აირჩიონ, რომელიც ავტომატურად დაიკავებს პრემიერ-მინისტრის ვაკანტურ თანამდებობას.
„დეილი ექსპრესის“ პუბლიკაცია სწორედ იმ შიდაპარტიულ დისკუსიას ეძღვნება, თუ რომელმა კონსერვატორმა შეიძლება დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, ლიზ ტრასის გადადგომის შემთხვევაში. გამოცემა წერს, რომ კონსერვატორი დეპუტატები იმისკენ იხრებიან, რომ 2024 წლის საყოველთაო არჩევნებამდე „საგანგებო პრემიერ-მინისტრის“ თანამდებობა თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს, ბენ უოლესმა მიაკუთვნონ. სტატიაში დასახელებულნი არიან პრემიერ-მინისტრობის სხვა სავარაუდო კანდიდატებიც – ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი, თემთა პალატის ლიდერი პენი მორდაუნტი და წინა პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი…
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, გამოცემა „დეილი ექსპრესმა“ დაწერა, რომ „დიდ ბრიტანეთში სამხედრო გადატრიალება მზადდება“, არის სიყალბე.