მოწოდებული ინფორმაცია

2020 წლის 27 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ბოლნისსა და დმანისში პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისათვის” მაჟორიტარობის კანდიდატის, ნამიკ ბაირამოვისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას შეეხებოდა. სიუჟეტში ნათქვამია, რომ თვითმხილველების თქმით, ნამიკ ბაირამოვს, ფიზიკური შეურაცხყოფა „ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მიაყენეს.

„ეს კაცი დეპუტატობის კანდიდატია და ნახეთ, ხელისუფლების მხარდამჭერებმა პოლიციის თვალწინ რა დღეში ჩააგდეს“, – აცხადებს ინციდენტის შემსწრე, ნამიკ ბაირამოვის თანმხლები, სადიკ გასანოვი.

თავად ნამიკ გასანოვი კი, „მთავარ არხთან“ საუბარში აცხადებს: „გზაზე ავარია დავინახე, ჩემი მანქანიდან გადმოვედი და ტელეფონით ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ფოტოების გადაღება დავიწყე. როდესაც მითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, ტელეფონი შევინახე. მიუხედავად ამისა, 20-30 კაცი დამესხა თავს“.

გადამოწმებული: 1tv.ge

ანტიფეიკი დაუკავშირდა სოფელ რატევანთან, ავარიის ადგილზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეს, ბოლნისსა და დმანისში პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ნამიკ ბაირამოვს, რომელმაც ინციდენტის პოლიტიკური სარჩული გამორიცხა და ფიზიკური დაპირისპირება ავარიის დროს გარდაცვლილის ჭირისუფალთა ემოციებით ახსნა.

დეპუტატობის კანდიდატთან ფიზიკური დაპირისპირების მიზეზად პარტიულ-პოლიტიკურ კუთვნილებას ასევე გამორიცხავენ შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირები.

ერთ-ერთმა მათგანმა, სოსო კოპალეიშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში დეტალურად აღწერა მომხდარი დაპირისპირება და „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს „ტყუილზე დაფუძნებული“ უწოდა.

ანტიფეიკთან საუბარში, ანალოგიური პოზიცია გამოხატეს სხვა თვითმხილველებმაც: ლევან გვაზავამ, ერთ-ერთმა ჭირისუფალმა გიზო კორტავამ და სხვებმა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 27 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტით გავრცელებული განცხადებები, რომ ბოლნისსა და დმანისში პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისათვის” მაჟორიტარობის კანდიდატს, ნამიკ ბაირამოვს ფიზიკურ შეურაცხყოფა პარტიული კუთვნილების ნიშნით მიაყენეს, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით