„დელტა ავიახაზების“ ვაქცინირებული პილოტი ფრენის დროს გარდაიცვალა და საჭირო გახდა თვითფრინავის ავარიული დაშვება“

მოწოდებული ინფორმაცია

2021 წლის 11 ოქტომბერს, ინტერნეტ-პორტალზე Red Voice Media გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად, „დელტა ავიახაზების“ ვაქცინირებული პილოტი ფრენის დროს გარდაიცვალა და საჭირო გახდა თვითფრინავის ავარიული დაშვება“.

სტატიის ავტორები ამ ინფორმაციის წყარო არ გაუსაჯაროებიათ.

მოგვიანებით, 20 ოქტომბერს, ეს ამბავი ქართულმა ვებ-პორტალმა tvm.ge-მაც გაავრცელა.

„ავიაკომპანია Delta Air Lines-ის პილოტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ფრენის დროს გარდაიცვალა“, – წერს  tvm.ge, რომელიც ასევე დასძენს, რომ ქართული მედიასაშუალებები ამ ამბავს არ ასაჯაროებენ.

 

გადამოწმებული: 1tv.ge

PolitiFact-ს „დელტა ავიახაზებში“ განუცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

„დელტაში ვიცნობთ გავრცელებულ ხმებს, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციის შემდგომი გართულების გამო, ავიახაზების ერთ-ერთი პილოტი ფრენის დროს გარდაიცვალა, რამაც ავარიული დაშვება გახადა საჭირო. ამ თემაზე გავრცელებული ყველანაირი ბრალდება სიყალბეა“, – აცხადებენ კომპანიაში.  

PolitiFact-მა გამოიკვლია ინტერნეტ-სივრცეც.

ავიაციის ინცინდენტების გლობალური რუკაზე, 26 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის შუალედში, რამოდენიმე ავარიული დაშვების ანგარიში მოიძებნა. მომხდარი ინციდენტებიდან არცერთში „დელტა ავიახაზები“ არ ფიგურირებდა.

ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ Lead Stories-ს განუცხადა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც „დელტა ავიახაზების“ ავარიულ, საგანგებო დაშვებას დაადასტურებს.

ამრიგად, „დელტა ავიახაზები“ ვაქცინირებული პილოტის გარდაცვალების გამო, ავარიული დაშვების ფაქტს უარყოფს. არც საინფორმაციო სივრცეში მოიძებნება ასეთი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, Red Voice Media-ს და tvm.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ „დელტა ავიახაზების“ ვაქცინირებული პილოტი ფრენის დროს გარდაიცვალა და საჭირო გახდა თვითფრინავის ავარიული დაშვება“, წარმოადგენს სიყალბეს.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით