მოწოდებული ინფორმაცია

2022 წლის 26 იანვარს, ვებ-გვერდზე „საქართველო და მსოფლიო“ (geworld.ge) გამოქვეყნდა პოლიტიკოს ვალერი კვარაცხელიას სტატია სათაურით, „შუაღამემდე ასი წამი დარჩა!“.

აღნიშნულ სტატიაში ვალერი კვარაცხელია, სხვა თემებთან ერთად, საქართველოში შექმნილ დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც მსჯელობს და მას ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის კონტექსტში განიხილავს.

„დასავლური პოლიტიკის შედეგად, საქართველოში დაირღვა დემოგრაფიული ბალანსი. ქართველები უკვე უმცირესობაში ვართ და ეს პროცესი ისეთი საგანგაშო ტემპით ვითარდება, რომ საშიშროება ქართველობის მოშლისა სრულიად რეალურია“, – წერს ვალერი კვარაცხელია.

გადამოწმებული: 1tv.ge

დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ცოტა ხნით ადრე, 1989 წელს, საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების თანახმად, საქართველოში (მაშინ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა) ცხოვრობდა 5 400 841 ადამიანი.

მათ შორის იყო: ქართველი – 3 787 393 (მთელი მოსახლეობის 70,1 პროცენტი), აზერბაიჯანელი – 307 556 (მოსახლეობის 5,7 პროცენტი), სომეხი – 437 211 (მოსახლეობის 8,1 პროცენტი), რუსი – 341 172 (მოსახლეობის 6,3 პროცენტი), ოსი – 164 055 (მოსახლეობის 3 პროცენტი), აფხაზი – 95 853 (მოსახლეობის 1,8 პროცენტი), ბერძენი – 100 324 (მოსახლეობის 1,9 პროცენტი) და ა.შ.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა საქართველოში 2002 წელს ჩატარდა.

ცალკეული ეთნოსების ჭრილში, მან ასეთი სურათი აჩვენა: ქართველი – 3 661 173 (მთელი მოსახლეობის 83,8 პროცენტი), აზერბაიჯანელი – 284 761 (მოსახლეობის 6,5 პროცენტი), სომეხი – 248 929 (მოსახლეობის 5,7 პროცენტი), რუსი – 67 671 (მოსახლეობის 1,5 პროცენტი), ოსი – 38 028 (მოსახლეობის 0,9 პროცენტი), აფხაზი – 3 527 (მოსახლეობის 0,1 პროცენტი), ბერძენი – 15 166 (მოსახლეობის 0,3 პროცენტი) და ა.შ.

მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერა საქართველოში 2014 წელს ჩატარდა, რომლის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა 3 713 804 იყო.

მათ შორის: ქართველი – 3 224,6 ათასი (88,8 პროცენტი), აზერბაიჯანელი –  233,0 ათასი (6,3 პროცენტი), სომეხი – 168,1 ათასი (4,5 პროცენტი), რუსი – 26,5 ათასი (0,7 პროცენტი), ოსი –  14,4 ათასი (0,4 პროცენტი), იეზიდი – 12,2 ათასი (0,3 პროცენტი) – და ა.შ.

2014 წლის საყოველთაო აღრიცხვიდან გასულ 8 წელიწადში, საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა და შესაბამისად, ეთნიკური სურათი, თითქმის არ შეცვლილა – „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, 2021 წლის მდგომარეობით, 3 728, 6 ათასია.

ზემოთ მოყვანილი მონაცემებით დასტურდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ქართველი მოსახლეობის ხვედრითი წილი და პროცენტული ბალანსი სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან მიმართებაში 70,1 პროცენტიდან 88,8 პროცენტამდე გაიზარდა.

შესაბამისად, ვალერი კვარაცხელია განცხადება, რომ დასავლური პოლიტიკის შედეგად, საქართველოში დაირღვა დემოგრაფიული ბალანსი და ქართველები უკვე უმცირესობაში ვართ“, არის სიყალბე.

  • გაზიარება:

გამოაგზავნე

ინფორმაციის გამოსაგზავნად შეავსეთ ველები ან დაგვიკავშირდით ფეისბუქ მესენჯერით