მოწოდებული ინფორმაცია
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაციები ევროპის ქალაქებში პრორუსული, პუტინის მხარდამჭერი ძალების მიერ ორგანიზებული აქციების შესახებ. მისი მონაწილეები ამართლებენ კრემლის პოლიტიკას და სოლიდარობას უცხადებენ აგრესორ, ოკუპანტ ქვეყანას.
ვინ არიან რუსეთის მხარდამჭერი აქციების მონაწილეები და ორგანიზატორები? რა მიზანი ამოძრავებთ მათ? – ეს საკითხი ინტერნეტ-გამოცემა „ინსაიდერმა“ შეისწავლა და მის შესახებ თავის ვებ-გვერდზე მეტად საინტერესო მასალა გამოაქვეყნა.
„ანტიფეიკი“ გთავაზობთ „ინსაიდერის“ სტატიას იმის შესახებ, თუ ვინ დგანან ევროპაში გამართული რუსეთის მხარდამჭერი აქციების უკან.
გადამოწმებული: 1tv.ge
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე, პუტინის მომხრეებმა ათობით პრორუსული აქცია გამართეს ევროპაში. მათ აწყობენ არა ტურისტები, არამედ რუსეთიდან და ყოფილი სსრკ-დან წასული პირები, რომლებიც დიდი ხანია ცხოვრობენ ევროპაში და აქვთ ბინადრობის ნებართვა ან ევროკავშირის პასპორტი. ბევრი მათგანი დაკავშირებულია „როსსოტრუდნიჩესტვოსთან“ (რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების საკითხებს ზედამხედველობს – „ანტიფეიკი“) და მის სტრუქტურებთან. აქციების ორგანიზებაში მათ ადგილობრივი ნეონაცისტები ეხმარებიან. ევროკავშირის კანონებით დაცული, უცხოეთში მცხოვრები რუსები ტრაბახობენ, რომ შექმნეს „ევროპული იატაკქვეშეთი“ და რუს სამხედროებს უკრაინაში სანქციების გვერდის ავლით აფინანსებენ.
ნეონაცისტების მეგობრები
4 სექტემბერს, კვირადღეს, კიოლნის ცენტრალურ მოედანზე, ორი ათასამდე მომიტინგე შეიკრიბა. კიოლნის საკათედრო ტაძრის წინ მოძრავ სცენაზე იდგნენ ადამიანები რუსული დროშებით. ისინი გამოწყობილნი იყვნენ მაისურებში, წარწერით – „რუსეთი“. ბევრ მათგანს ეჭირა პლაკატები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სთვის სანქციების მოხსნისა და ექსპლუატაციაში გაშვების, ასევე კიევისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისა და მოსკოვთან ურთიერთობების დალაგების მოთხოვნებით. მოედანზე ასევე შეგროვდა სახსრები „დონბასის რესპუბლიკების“ სეპარატისტთა მხარდასაჭერად, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“ გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 2014 წელს აღიარა ტერორისტულ ორგანიზაციებად.
მიტინგის ამბავი უცებ აიტაცეს რუსმა და ბელარუსმა პროპაგანდისტებმა. „კიოლნში მასობრივი აჯანყება დაიწყო. ქვეყნის მცხოვრებლები […] რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას ითხოვენ“, – დაწერა ბელარუსის სახელმწიფო არხმა BelTa-მ. „კიოლნის მოსახლეობა გამოვიდა მიტინგზე რუსეთის მხარდასაჭერად და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ“, – ასე გამოეხმაურა აქციას რუსული პროპაგანდისტული რესურსი Sputnik. პროსამთავრობო ტელეგრამის არხმა Readovka-მაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აქცია ანტიუკრაინული იყო“.
რუსული მედია წერდა, რომ უკმაყოფილო ადამიანების უმეტესობა ძირძველი გერმანელი იყო. თუმცა, მიტინგზე რუსულ ენაზე გამოსვლები უფრო ხშირად ისმოდა, ვიდრე გერმანულ ენაზე. ფლაერზე აქციის ორგანიზატორების გვარებიც იყო მითითებული – ელენა კოლბასნიკოვა და მაქსიმ შლიუნდი. აქციაზე მისულთა უმეტესობის მსგავსად, ისინიც რუსული დიასპორის წარმომადგენლები არიან და გერმანიაში 20 წელზე მეტია ცხოვრობენ. კოლბასნიკოვა, მისივე თქმით, „სამედიცინო პროფილით მუშაობს“ და მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას უწევს სახლში. წარმოშობით დნეპრისპირეთიდან არის, მაგრამ აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიას. პუტინის მხარდამჭერ „იუთუბ“-ის არხ Voice of Germany-თან ინტერვიუში, ის მაქსიმს თავის ქმარს უწოდებს. ორივე მათგანი „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ის მიერ 2019 წელს მოწყობილი აქცია „აანთე სანთელი!“-ის ფოტოს ფონზე პოზირებს, ორივე რეგულარულად ატარებს პრორუსულ აქციებს. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებების ორგანიზების გამო, აპრილში ელენა სამსახურიდან გაათავისუფლეს. თუმცა, მან შეძლო სასამართლოს გზით კომპენსაციის მიღება.
24 თებერვლის შემდეგ, კოლბასნიკოვამ და შლიუნდმა, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გერმანიაში წასულმა სხვა ადამიანებმა , რამდენჯერმე მოაწყვეს ხმამაღალი აქციები და მანქანებით მარშირება. აქციები ამ ფორმატით გერმანიის რამდენიმე სხვა ქალაქშიც გაიმართა და აღშფოთების ტალღა გამოიწვია. ბევრმა მოითხოვა კოლბასნიკოვას დეპორტაცია ან თუნდაც პასუხისგებაში მიცემა ომის გამართლებისთვის. გერმანელების მხრიდან ასეთი უკმაყოფილების მიუხედავად, ეს ქალბატონი აცხადებს, რომ რუსეთის მხარდამჭერი აქციების მოწყობას კვლავ გააგრძელებს.
მიტინგის მოწყობაში კოლბასნიკოვას ეხმარებოდა მემარჯვენე ექსტრემისტული პარტია Pro NRW-ს ლიდერი მარკუს ბაიზიხტი, რომელიც, სხვათა შორის, დევნილების მიმართ შეუწყნარებლობით გამოირჩევა. 2012 წელს მისმა მხარდამჭერებმა, მუსლიმების პროვოცირების მიზნით, შეგნებულად მიიტანეს მეჩეთში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები. ეს ამბავი დასრულდა შეტაკებით, რომლის დროსაც 29 პოლიციელი დაშავდა.
მიუხედავად იმისა, რომ მარკუს ბაიზიხტი საკუთარ თავს ნეონაცისტად არ მოიხსენიებს, მისი ასეთი შეხედულებები არავისთვის არის საიდუმლო. მაგალითად, ის ადვოკატირებას უწევდა „კიოლნელ ჰიტლერად“ მონათლულ ნეონაცისტ ალექს რეიცს, რომელიც ექსტრემისტული საქმიანობისთვის გაასამართლეს (ავრცელებდა სვასტიკის გამოსახულებიან პლაკატებს, აღვივებდა ებრაელების მიმართ სიძულვილს და განადიდებდა ჰიტლერს). თავად ბაიზიხტმაც გამოაქვეყნა სტატიები, რომლებიც ებრაელების, მუსლიმებისა და სექსუალური უმცირესობების მიმართ სიძულვილით იყო გამსჭვალული.
კიოლნის მიტინგი არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნეონაცისტები რუსულ დიასპორას გერმანიაში აქციების მოწყობაში დაეხმარნენ. მაგალითად, ჯერ კიდევ 2016 წელს „ინსაიდერი“ წერდა იმაზე, თუ როგორ ეხმარებიან სხვა ულტრამემარჯვენე მოძრაობა Pegida-ს ნეონაცისტები რუსულ დიასპორას ანტიემიგრაციული აქციების ორგანიზებაში. მაშინაც, ისევე როგორც ახლა, ეს აქციები აშკარად სინქრონიზებული იყო რუსული ტელეპროპაგანდის დეზინფორმაციულ კამპანიასთან. მაგრამ თუ ახლა ისინი უკრაინის ომს ეძღვნება, მაშინ დეზინფორმაციის საბაბად გამოიყენეს ყალბი ამბავი „მიგრანტების მიერ გაუპატიურებული რუსი გოგონას“ შესახებ.
თუმცა, ასეთი სინქრონიზაცია შემთხვევითი არ არის. ამ აქციების კოორდინირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებმა, პირველ რიგში კი, „როსსოტრუდნიჩესტვო“-მ, – ფედერალურმა სააგენტომ, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების საკითხებს ზედამხედველობს.
„როსსოტრუდნიჩესტვოს“ პატარა თანაშემწეები
გაერო-ს შეფასებით, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონი რუსეთიდან ემიგრირებული ადამიანი ცხოვრობს, რაც მესამე მაჩვენებელია ინდოეთისა და მექსიკის შემდეგ. თუმცა, რუსეთის ფარგლებს გარეთ დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი მიიჩნევს თავს რუსად. ეს კრემლის „რბილი ძალისთვის“ საკმაოდ სერიოზული რესურსია. „როსსოტრუდნიჩესტვო“ დაარსებიდანვე ეწეოდა რუსული დიასპორის პროპაგანდისტულ დამუშავებას, ხოლო უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ის კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა ომის გასამართლებლად.
ამ სტრუქტურის სოციალური ქსელებში განთავსებულია ათეულობით ვიდეორგოლი უკრაინაში შეჭრის თემაზე, რომლებიც გაჯერებულია მანიპულირებით, ცნებების ჩანაცვლებით, ტყუილითა და სხვა პროპაგანდისტული ხერხებით. კერძოდ, ამ ტიპის ვიდეოების სერიაში, ზოგადი სახელწოდებით #StopHatingRussians, ნათქვამია, რომ დასავლეთში აკრძალულია დიდი რუსი კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულება, ხოლო გერმანია „77 წლის შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა რუსულენოვანი მოსახლეობის გენოციდს“. ერთ-ერთი ვიდეოს მიხედვით კი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა იმის გამო, რომ ევროპა არ აფასებს საბჭოთა ჯარისკაცის გმირობას, რომელმაც ის გაათავისუფლა.
საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების გამოყენება, სანქციების პირობებში, სიცოცხლისუნარიან ვარიანტად იქცა. „რბილი ძალის“ ეს ნაწილი ყველაზე მდგრადი აღმოჩნდა ეკონომიკური და სავიზო სანქციების მიმართ. ევროპული კანონები იცავს ემიგრანტებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში დასახლდნენ. შეიძლება უარი უთხრა ტურისტს ვიზის მიცემაზე, მაგრამ შეხედულების გამო ქვეყნიდან გაძევება ან რუსეთის მხარდაჭერისთვის ბინადრობის ნებართვის ჩამორთმევა უკიდურესად რთულია.
24 თებერვლის შემდეგ კრემლმა ამის ოსტატურად გამოყენება დაიწყო. პუტინის მომხრეები ევროკავშირის ქვეყნებში, ძირითადად, ტურისტები კი არა, არამედ ის რუსები არიან, ვინც ევროპაში დიდი ხნის წინ გადასახლდა. მსგავსი ღონისძიებები ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც რეგულარულად იმართებოდა და, როგორც წესი, ევროპელებში დიდ ემოციას არ იწვევდა. ვითარება 24 თებერვლის შემდეგ შეიცვალა. რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოები – დროშა, გერბი, ასევე წმინდა გიორგის ლენტი აგრესორი სახელმწიფოს სიმბოლოდ იქცა. საზღვარგარეთ მცხოვრებმა ბევრმა რუსმა უარი თქვა მსგავს აქციებში მონაწილეობაზე, მაგრამ რუსული თემის ნაწილი ამ აქციებს ესწრება და ამ გზით ცდილობს „რუსული სამყაროს“ ღირებულებების დაცვას.
უკრაინის ომის დაწყებიდან ევროპაში, მთლიანობაში, ათობით პრორუსული აქცია ჩატარდა. ყველა მათგანმა მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისა და პროპაგანდისტებისგან მედიამხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ აქციაზე 10-ზე მეტი ადამიანი არ მივიდა. მაგალითად, დუბლინში ძალიან მცირერიცხოვანი აქციის შესახებ ინფორმაცია ყველა მსხვილმა რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა: „როსიისკაია გაზეტა“-მ, „იზვესტია“-მ, „პირველმა არხმა“. აქცია ჰაიფაში, რომელშიც 30 ადამიანი მონაწილეობდა, არა მხოლოდ მედიამ, არამედ ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმაც გააშუქა. ერთ-ერთმა მომიტინგემ რუსეთს მოუწოდა, უკრაინასთან გამკლავების შემდეგ, ისრაელისთვის მიეხედა. მოწოდების საპასუხოდ, გაისმა შეძახილები „ახმატი ძალაა!“.
„ისრაელში რუსეთის საელჩოს „გრანდიოზული წარმატება“ […] პრორუსმა აქტივისტებმა, რომლებიც სხვადასხვა უწყებიდან საზრდოობენ, ერთმანეთი გადათელეს, მათ არ სურდათ ერთობლივი აქციების ჩატარება და ლოზუნგებისა და პირადი ამბიციების გამო ჩხუბობდნენ, – დაწერა ჟურნალისტმა შიმონ ბრემანმა ჰაიფაში პუტინისტების შეკრების შესახებ.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის დღის წინა დღეს, 20 აგვისტოს, კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში, ათეულობით რუსმა 53 მეტრის სიგრძის რუსული სამფეროვანი დროშა გადაჭიმა და მასზე რუსული „სპეციალური ოპერაციის“ სიმბოლოები – ასოები, Z და V განათავსა. აქციის მონაწილეებს, დროშის გარდა, ხელში ეჭირათ პლაკატები: „რუსეთო, ჩვენ შენთან ვართ!“ და „მხარს ვუჭერთ რუსეთის ქმედებებს!“. ორი დღის შემდეგ იგივე განმეორდა კვიპროსის სხვა ქალაქში – ლარნაკაში. გარდა ამ აქციებისა, ასევე მოეწყო პატრიოტული ავტოგარბენა. ღონისძიების ინიციატორები იყვნენ კვიპროსში მცხოვრები რუსები, რომლებსაც მხარს უჭერდა რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭო (KSROS) და რუს თანამემამულეთა ახალგაზრდული კლუბი.
აშკარად პროვოკაციული ხასიათის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი ჩატარების ნებართვა მაინც გასცა. თუმცა, ღონისძიება სკანდალით დასრულდა: ორგანიზატორებთან მივარდა უკრაინელი ქალი, რომელიც სამზარეულოს დანას იქნევდა და შეურაცხყოფას აყენებდა შეკრებილ აუდიტორიას. რამდენიმე წამის შემდეგ, ის პოლიციაში წაიყვანეს. „როსოტრუდნიჩესტვო“-ს ოდიოზურმა ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა ხულიგნურ გამოხტომას „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა, ქალს კი – „ტერორისტი“ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. ინციდენტის შემდეგ, რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭომ უშიშრად განაცხადა, რომ პრორუსულ აქციებს მომავალშიც გააგრძელებს.
საფრანგეთში, Z-სიმბოლოებიან მაისურებში გამოწყობილი რუსები შეგიძლიათ იპოვოთ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ატლანტიკური პირენეის დეპარტამენტში. როგორც ჩანს, რეგიონის ხელისუფლებას ამისი სულაც არ ეუხერხულება. აქ რეგულარულად იმართება რუსეთიდან ჩამოსულთა შეხვედრები რუსული თემის ეგიდით, როგორიცაა, მაგალითად, Russophones des Pyrenees. თუ მათი ფეისბუქ-გვერდის მიხედვით ვიმსჯელებთ, თემის წევრები მუდმივად ცხოვრობენ საფრანგეთში გრძელვადიანი ვიზებით ან უკვე მიიღეს მოქალაქეობა, რაც ნიშნავს, რომ Z სიმბოლოს ტარებისთვის, მათ სავიზო სანქციები არ ემუქრებათ.
Russophones des Pyrenees-ის პუბლიკაციების უმეტესობა ყოფითი ხასიათისაა. ამასთან, სანტექნიკოსის ან ფრანგი რეპეტიტორის ძებნის შესახებ პოსტებს შორის არის „როსსოტრუდნიჩესტვო“-სა და მისი სტრუქტურების თანამშრომლების რეპოსტები რუსული კულტურის გაუქმებისა და „რუსოფობიის უპრეცედენტო ზრდის შესახებ“. აქვე ნახავთ რუსული „სპეციალური ოპერაციის“ მხარდამჭერ პოსტებს და ვიდეოებს „როსსოტრუდნიჩესტვო“-ს ორგანიზებით საფრანგეთის სხვა ქალაქებში გამართული აქციების შესახებ. მაგალითად, მარსელში, 19 მარტს, რუსეთის საელჩოს წინ, ჩატარდა დემონსტრაცია ომის მხარდასაჭერად და სანქციების გაუქმების მოთხოვნით. მისი ორგანიზატორი იყო „საფრანგეთი-რუსეთი-თანხმობის ასოციაცია“, რომელიც ცნობილია თავისი პრორუსული პოზიციით. თებერვლიდან ივნისის ჩათვლით, ჯგუფმა რამდენიმე აქცია გამართა.
გერმანიაში აღშფოთების ტალღა გამოიწვია რუსეთის მხარდამჭერმა ავტოგარბენამ. ისინი აპრილში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში მოეწყო. ყველაზე დიდი აქცია ბერლინში ჩატარდა და მასში 700 ავტომობილი მონაწილეობდა. საინტერესოა ისიც, რომ ეს ავტოგარბენი მას შემდეგ გაიმართა, როდესაც ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გახდა ცნობილი. თუმცა, პუტინის ბევრმა მხარდამჭერმა უკრაინის ქალაქში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას „დადგმული“ უწოდა. მსგავსი ავტოგარბენი ბონისა და ჰანოვერის რუსულენოვანმა მცხოვრებლებმაც ჩაატარეს. პოლიცია ცდილობდა, თავიდან აეცილებინა შესაძლო შეტაკება რუსებსა და უკრაინელებს შორის, რომლებსაც არ სურდათ აგრესორი ქვეყნის დროშის დანახვა. ჰანოვერში დემონსტრანტებს ნაკელი დააყარეს, ღონისძიების შემდეგ კი გარბენის ზოგიერთმა მონაწილემ აღმოაჩინა, რომ მათი მანქანები დამწვარი იყო. ზოგიერთ ქალაქში, მაგალითად, მაინის ფრანკფურტში, ხელისუფლებამ აკრძალა მანქანების გამოყენებით აქციის გამართვა და აქციებზე „სპეციალური ოპერაციის“ სიმბოლოების გამოყენება. ისევე როგორც სხვა ქვეყნების შემთხვევაში, გერმანიაშიც ღონისძიებების ორგანიზატორები და მონაწილეები იყვნენ რუსები, რომლებსაც აქვთ ბინადრობის ნებართვა ან გერმანიის მოქალაქის პასპორტი.
„როსსოტრუდნიჩესტვო“-ს სტრუქტურების მიერ ორგანიზებული ღონისძიებები ხსოციალურ ქსელებში შირად აღიქმება, როგორც „ადგილობრივი მოსახლეობის აქცია“, ხოლო პუტინისტების პოზიცია წარმოდგენილია, როგორც ევროპელთა მნიშვნელოვანი ნაწილის რწმენა. „იტალიურ ვერონაში მგრძნობიარე ადამიანები ტრაგიკულად დაღუპული დარია დუგინას ხსოვნისადმი მიძღვნილ მიტინგზე მივიდნენ“, – ასეა აღწერენ ამბავს ტელეგრამ-ის არხებზე. არადა, ეს ღონისძიება „ასოციაცია ვერონა – რუსეთის“ ორგანიზებით გაიმართა და იქ ძირითადად თემის მხარდამჭერები მოვიდნენ, მისი პრეზიდენტის, პალმარინო ზოკატელის ხელმძღვანელობით. ის იცნობდა დუგინას და, როგორც ჩანს, იზიარებდა მის შეხედულებებს, ამასთან, თავის კომენტარებში, მუდმივად ამართლებდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
საზღვარგარეთ მცხოვრებ ბევ რუსს სურვილი აქვს, ფინანსურად დაეხმაროს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილე რუს სამხედროებს, ასევე „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ ბოევიკებს. რუსული საბანკო ბარათების მქონე მებრძოლებისთვის ევროკავშირის ქვეყნებიდან გადარიცხვები ხორციელდება ტელეგრამის თემატური ჯგუფების მეშვეობით. თანხა ძვირადღირებულ აღჭურვილობის შესაძენად გროვდება, რომლითაც თავდაცვის სამინისტრო რუს ჯარისკაცებს ვერ უზრუნველყოფს. ყველაზე მეტი ტრანსფერი გერმანიიდანაა, შემდეგ მოდის იტალია და ესპანეთი. ძნელია იმის თქმა, რამდენი ადამიანი მონაწილეობს ასეთ ქველმოქმედებაში, ვინაიდან თანხების შეგროვება არარეგულარულად ხდება, ამასთან, ჯგუფები ხშირად იხურება. ზოგჯერ ფული გროვდება ევროპულ ანგარიშზე და შემდეგ, ერთიანი გადარიცხვით, რუსეთში იგზავნება.
ევროში გადარიცხვები ხორციელდება რუსული გადახდის სისტემა „ზოლოტაია კორონა“-ს მეშვეობით, რომელიც ევროკავშირში KoronaPay-ის ბრენდით ფუნქციონირებს. ამ სერვისმა, სხვა ოპერატორებისგან განსხვავებით, შეძლო ევროპული სანქციების თავიდან აცილება და ლეგალურად მუშაობს. ერთადერთი შეზღუდვა ერთჯერადი გადარიცხვების 5000 ევრომდე შემცირებაში მდგომარეობს. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ ბოევიკების ფინანსური მხარდაჭერისთვის კრიპტოვალუტაც გამოიყენება. 23 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ერთ-ერთი რუსი „მოხალისის“ კრიპტოვალუტის ანგარიშის დაბლოკვის შესახებ, რომელიც ფულს აგროვებდა ოკუპანტებისთვის. თანხების უმეტესი ნაწილი სამხედრო ტექნიკის შეძენას ხმარდებოდა. დაბლოკვის მომენტისთვის ანგარიშზე იყო $21000. ახლა ეს თანხა გაყინულია და წყდება მისი უკრაინის იურისდიქციაში გატანის საკითხი.
ქალაქელი შეშლილები
ევროპაში პუტინისტების გამოსვლების ლომის წილი არც თუ მთლად ადეკვატურ ერთეულ პერსონებზე მოდის. ისინი პრესის მიერ არის გაბუქებული და ნაკლებად შეესაბამება დიასპორის განწყობას, თუმცა, სკანდალურობის გამო, ეს სისულელეები ფართო გამოხმაურებას იძენს.
ასე, მაგალითად, აგვისტოს დასაწყისში ზალცბურგში, რუსი ქალი დაედევნა ორ უკრაინელ ქალს შეძახილებით: „დიდება რუსეთს“, „რუსეთი გაიმარჯვებს“ და „На х.. უკრაინა“. გოგონას ვინაობა სწრაფად დადგინდა, ის იულია პროხოროვა (ჩერნიშევა) აღმოჩნდა. პროხოროვა დაახლოებით სამი წელია, გერმანიაში ცხოვრობს და „იუთუბ“-სა და ტელეგრამ-არხებზე პატრიოტულ ბლოგებს აქვეყნებს, რომლებშიც კიევზე ბირთვულ თავდასხმაზე საუბრობს. იულია ავსტრიაში შვებულებით ჩავიდა. ავსტრიისა და გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დააყენეს. სასჯელი სხვა ფორმით გამოიხატა: ზალცბურგში იულიას გამოხტომის შემდეგ, სასტუმრომ, რომელშიც ის აპირებდა გაჩერებას, ჯავშანი გაუუქმა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იულია პროხოროვა უკრაინელების პროვოცირებას შეეცადა. მანამდე ის ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე მოვიდა, სადაც „კალინკა“ იცეკვა და რუსული დროშა გაშალა. ავსტრიისა და გერმანიის მაცხოვრებლები რეგულარულად უჩივიან იულიას გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურ ოფისში (BAMF).
კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა ბად-ვისზეში, სადაც რუსი ქალი თავს დაესხა შვილთან ერთად მყოფ უკრაინელ ქალს სიტყვებით, „თქვენ უნდა განადგურდეთ, როგორც ებრაელები“. ამასთან, ის საკუთარ თავს „ძირძველ გერმანელად“ მოიხსენიებდა. ინტერნეტში ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რუსეთიდან ჩამოსული პიროვნება როგორ დაესხა თავს უკრაინელ ლტოლვილს, რადგან მისმა შვილმა „დიდება უკრაინას“ დაიძახა. „თავი გამოიჩინა“ „ტოკიოს რუსული კლუბის“ პრეზიდენტმა მიხაილ მოზჟეჩკოვმაც, რომელმაც ომიდან გამოქცეულ უკრაინელებს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, „ცოფიანები“ უწოდა.
ტურისტული ვიზებზე აკრძალვა არც პროხოროვას, არც „ძირძველ გერმანელს“ და არც სხვა უხამს რუსებს არ შეხებიათ. თუმცა, ექსპერტები შიშობენ, რომ ზომებმა შეიძლება რუსული ოპოზიცია დააზარალოს – მისთვის, მუქარის ან დევნის შემთხვევაში შენგენის ვიზით რუსეთის დატოვება, ჯერჯერობით, ყველაზე მარტივი გზაა.
ბრძოლა პუტინისტებთან ევროპაში
რუსებსა და უკრაინელებს შორის შეტაკების დაწყების შემდეგ, გერმანიამ აკრძალა ასოების, Z-ს და V-ს, როგორც „სპეცოპერაციის“ მხარდაჭერის დემონსტრირება. ეს მიჩნეულია გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის დარღვევად, რაც ომის საჯაროდ გამართლებას გულისხმობს. დარღვევა ისჯება ჯარიმით ან სამი წლით თავისუფლების აღკვეთით. ამ კანონის გვერდის ავლის მიზნით, ევროპაში მყოფმა რუსებმა ავტოგარბენებს და მიტინგებს ნეიტრალური და არასაომარი სახელები დაარქვეს, მაგალითად, „აქცია დისკრიმინაციისა და რუსოფობიის წინააღმდეგ“.
ომის გამართლების გამო, გერმანიაში უკვე ასობით საქმეა აღძრული, მათ შორის მათ წინააღმდეგ, ვინც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ინტერნეტში უჭერდა მხარს. 4 აგვისტოს ჰამბურგში დააკავეს ნაცისტი მარსელ იაკობსი, მოძრაობა „სხვა გერმანიის“ (Das andere Deutschland) აქტივისტი. „ის გაჩხრიკეს, ჩამოართვეს აღჭურვილობა და დანები“ – განუცხადა RTVI-ს „ე.ვ ლომონოვის სხვა რუსეთის“ მოსკოვის ფილიალის ხელმძღვანელმა ოლგა შალინამ. დაკავება, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო ტელეგრამ-ის არხთან, რომელშიც ჯეიკობსი მხარს უჭერდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას.
ლატვიაში განიხილება იმიგრაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე უკვე გაცემული ბინადრობის ნებართვების გაგრძელება აღარ მოხდება. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომლის თანახმად, რუსებს შეიძლება ჩამოერთვათ ბინადრობის ნებართვა, მაგალითად, საბჭოთა ძეგლების დანგრევის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობისთვის.
თავის მხრივ, ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი გამოვიდა ინიციატივით, რომ ქვეყანაში რუსების შეშვება მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ისინი უპასუხებენ კითხვას: „ვის ეკუთვნის ყირიმი?“. „იმ პასუხიდან, რომ ყირიმი არ არის ოკუპირებული, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ პირის ქვეყანაში შემოშვება არ აკმაყოფილებს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები“, – განაცხადა მინისტრმა.